ამერიკელი მსახიობების უდიდესმა გაერთიანებამ, “მსახიობთა გილდიამ” (SAG-AFTRA) ფილმებისა და სატელევიზიო პროდიუსერებთან შეთანხმებას მიაღწია, რაც ნიშნავს, რომ ჰოლივუდის მსახიობების ოთხთვიანი გაფიცვა დასრულებულია. თავის დროზე, გაფიცვა მას მერე დაიწყო, რაც მსახიობები და სტრიმინგ-კომპანიები უკეთეს შრომით პირობებზე ვერ შეთანხმდნენ, ვერც, მათ შორის, ფედერალური მედიატორების ჩართულობის შემდეგ.
მსახიობების წლევანდელი გაფიცვა სტრიმინგ-სერვისის აღორძინებას უკავშირდებოდა, რომელმაც ვიდეოკონტენტის მაყურებელთა რიცხვი მილიონებში, ზოგჯერ კი მილიარდებშიც გადაიყვანა. ამასთან, მსახიოებები ითხოვენ გარანტიას, რომ კომპანიები მსახიობების ნაცვლად ხელოვნური ინტელექტს არ გამოიყენებენ. წლევანდელი გაფიცვა იმდენად მასშტაბური აღმოჩნდა, რომ მსახიობები კილიან მერფი და ემილი ბლანტი კრისტოფერ ნოლანის უახლესი ფილმის, “ოპენჰაიმერის” პრემიერიდან გავიდნენ, მიუხედავად იმისა, რომ ის წლის და შეიძლება ითქვას, ბოლო წლების მთავარ ფილმად ითვლება, რომელშიც ისინი მთავარ როლებს ასრულებენ.
საინტერესოა, რომ ამ დრომდე, მსახიობები ბოლოს 1980 წელს გაიფიცნენ - იმ დროსაც, გაფიცვის მთავარი გამომწვევი მიზეზი ახალი ტექნოლოგია იყო. 1980-იან წლებში, ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიდეოკასეტების გაქირავების სერვისები გამოჩნდა, რამაც ფილმებისა და სერიალების ყურების მაჩვენებელი ახალ, იმ დროს არნახულ მასშტაბზე აიყვანა, მაგრამ, როგორც მსახიობებს მიაჩნდათ, ინდუსტრიის ზრდის მიუხედავად, მათი ხელფასები პროპორციულად არ მომატებულა.
აღსანიშნავია, რომ მსახიობებამდე გაიფიცნენ ჰოლივუდის სცენარისტებიც, რომელთაც მიაჩნიათ, რომ ფილმების, სატელევიზიო შოუებისა და სტრიმინგ-პლატფორმებზე განთავსებული კონტენტისთვის მათ შეუსაბამოდ ცოტას უხდიან, რადგან ტექნოლოგიურ განვითარებასთან ერთად, კონტენტის გავრცელების არეალი საგრძნობლად გაიზარდა.
მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ მსახიობებისა და პროდიუსერების გაფიცვის გამო, ჰოლივუდი რამდენიმე თვის განმავლობაში პრაქტიკულად პარალიზებული იყო, ანუ ფილმები და სერიალები, რომლებიც ამ დროს უნდა შექმნილიყო და მომდევნო წლებში გამოსულიყო, დაიგვიანებს.