მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გაიცანით საქართველოს ბანკისა და კომაროვის სკოლის ინიციატივით შექმნილი STEM სკოლის მოსწავლე ნია ლაზიშვილი

642ff145b4a3d
BM.GE
07.04.23 15:10
580
სტატიაში საუბარია:
„როცა გავიგე, რომ STEM სკოლაში ჩავირიცხე, ემოციებს ვერ ვმალავდი“, - ასე იწყება საუბარი მეშვიდე კლასის მოსწავლე ნია ლაზიშვილთან, რომელიც საქართველოს ბანკისა და კომაროვის სკოლის პროექტის გამორჩეული მონაწილეა.

STEM (მათემატიკის, ინჟინერიის, ტექნოლოგიებისა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების) მიმართულებით ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის ზრდის მიზნით საქართველოს ბანკისა და კომაროვის სკოლის მიერ შექმნილი პროექტი 201 მოსწავლეს აერთიანებს, რომელთაგან რეგიონში მცხოვრებ 60 საუკეთესო შედეგის მქონე ახალგაზრდას ბანკი სკოლაში სწავლას სრულად უფინანსებს.
მათ შორის ერთ-ერთია ნია ლაზიშვილიც, რომელმაც მისაღებ გამოცდაში სტიპენდიატთა შორის უმაღლესი ქულები მიიღო.

„მათემატიკა და მეცნიერება ის მიმართულებებია, სადაც თავს ყველაზე კომფორტულად და მოტივირებულად ვგრძნობ. ამიტომ, STEM სკოლის მისაღები გამოცდისთვის განსაკუთრებული მომზადება არ დამჭირვებია, მხოლოდ ჩემს ცოდნას მივენდე. თუმცა, კითხვების რაოდენობის დროის ფაქტორთან შეფარდება მთავარი გამოწვევა იყო, რომელსაც ვფიქრობ, თავი კარგად გავართვი და მიხარია, რომ ამ შედეგამდე მივედი“, - ამბობს ნია.

როგორც გვიყვება, მათემატიკის, მეცნიერების და ინჟინერიის სფეროები ძალიან აინტერესებს. STEM სკოლა კი ეხმარება მას, მიიღოს ის საბაზისო ცოდნა, რომელიც მომავალი პროფესიის შერჩევაში დაეხმარება.

„STEM სკოლაში სწავლა ყოველკვირეულ ზეიმს ჰგავს, ყოველთვის დიდი ინტერესით, მონდომებით, სიხარულით და ენთუზიაზმით ველოდები გაკვეთილების დაწყებას. რადგან მეცადინეობები ძალიან შემეცნებითი და ინტერაქტიულია. სულ ახალ ინფორმაციას ვიღებთ, რომელიც საინტერესოდ და გასაგებად არის ახსნილი“, - აღნიშნავს ნია და გვიხსნის, რომ გაკვეთილებზე მასწავლებლები სხვადასხვა ინსტრუმენტს იყენებენ - პრეზენტაციებს, სიმულაციებს, პრაქტიკულ დავალებებს - რაც გაკვეთილებს კიდევ უფრო მეტად დინამიურს და საჯარო სკოლების სასწავლო პროცესისგან განსხვავებულს ხდის.

STEM სკოლაში სწავლის შემდეგ ინტერესი კომპიუტერული მეცნიერებების მიმართაც გაუჩნდა. სწორედ ამიტომ, ამბობს, რომ ამ ეტაპზე კომპიუტერული პროგრამირება და ინჟინერია ის პროფესიებია, რა მიმართულებითაც სწავლის გაგრძელებას ფიქრობს.

„ვფიქრობ, ჩემს ასაკში მნიშვნელოვანია იმ ფუნდამენტის შექმნა, რასაც ჩემი პროფესია დაეყრდნობა. STEM სკოლაში სწავლა კი დამეხმარება, შევიძინო ის საბაზისო ცოდნა, რომელიც ჩემი მომავალი პროფესიის საფუძველი გახდება და მომცემს შესაძლებლობას, პროგრამის დასრულების შემდეგ დამოუკიდებლად შევძლო განვითარება. ვფიქრობ, STEM მიმართულება XXI საუკუნის ყველა პროფესიისთვის საჭიროა, ამიტომ ყველა ახალგაზრდას ვურჩევ, ყურადღება ამ საგნებისკენ მიმართოს“, - ამბობს ნია.

ინფორმაციისთვის, საქართველოს ბანკი განათლების მხარდაჭერას აქტიურად და უწყვეტ რეჟიმში აგრძელებს. კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში განხორციელებული პროექტების შედეგად ბანკმა უკვე 100 000-მდე ახალგაზრდისთვის შექმნა განათლების შესაძლებლობა. საქართველოს ბანკის მისიაა, ხელი შეუწყოს იმ ადამიანთა პოტენციალის რეალიზებას, რომლებიც უკეთეს მომავალს ქმნიან. ბანკი პარტნიორებთან ერთად 35-მდე საგანმანათლებლო პროექტს ახორციელებს, რაც ახალგაზრდებს უქმნის შესაძლებლობას, მიიღონ ხარისხიანი განათლება, როგორც საქართველოში, ასევე საზღვრებს გარეთ.

საქართველოს ბანკისა და კომაროვის სკოლის თანამშრომლობის ფარგლებში არაერთი ინიციატივა განხორციელდა, რომელიც მიზნად ისახავს, ხელი შეუწყოს მოსწავლეების მხრიდან STEM (მათემატიკის, ინჟინერიის, ტექნოლოგიებისა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების) მიმართულებით ხარისხიან და სიღრმისეულ განათლებაზე ხელმისაწვდომობის ზრდას. ამ მიზნით შეიქმნა STEM ბანაკი, რომელშიც მონაწილეობა მეათე და მეთერთმეტე კლასის 70-მა მოსწავლემ მიიღო.


(NS)

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები