“პატარაობიდან მაინტერესებდა როგორ მუშაობს სამყარო და ვცდილობდი, მასთან დაკავშირებული ჩემი წარმოსახვები ლეგოს სათამაშოებით გამეცოცხლებინა... მაშინ არ ვიცოდი, რომ ჩემი გატაცება - მათემატიკა და ინჟინერია - თურმე STEM მიმართულებას გულისხმობდა“, - გვიყვება ანდრია კოსტავა, საქართველოს ბანკისა და კომაროვის სკოლის პროექტის მონაწილე.
STEM (მათემატიკის, ინჟინერიის, ტექნოლოგიებისა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების) მიმართულებით ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის ზრდის მიზნით საქართველოს ბანკი და კომაროვის სკოლა პროექტს ახორციელებენ, რომელიც 201 მოსწავლეს აერთიანებს.
მათგან რეგიონში მცხოვრებ 60 საუკეთესო შედეგის მქონე ახალგაზრდას კი ბანკი STEM-ის ონლაინ სკოლაში სწავლას სრულად უფინანსებს.
საქართველოს ბანკის ერთ-ერთი ბენეფიციარია ანდრია რაზმაძის სახელობის ქალაქ ქუთაისის #41 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლის მეშვიდე კლასის მოსწავლე ანდრია კოსტავა, რომელმაც პროექტის მისაღებ გამოცდაზე მაღალი ქულები დააგროვა და საუკეთესო შედეგის მქონე ბავშების ათეულში მოხვდა.
„პატარა რომ ვიყავი, ვოცნებობდი, ასტრონავტი გამოვსულიყავი და კოსმოსში მემოგზაურა. ამიტომ მომინდა STEM სკოლაში სწავლა, რადგან ვფიქრობ, რომ ის მომცემს შესაძლებლობას, შევისწავლო სამყაროს თავისებურებები, უცნაურობები, გავეცნო ახალ ტექნოლოგიურ მიღწევებს და მივიღო ის საბაზისო ცოდნა, რომელიც მომავალში ჩემი ოცნების ასრულებაში დამეხმარება“, - ამბობს ანდრია.
როგორც ის გვიყვება, მას ძალიან მოსწონს STEM-ის ონლაინ სკოლაში სწავლა, რადგან მისთვის ეს პროცესი ძალიან საინტერესო და სახალისოა. მისი საყვარელი საგანი ახლა პროგრამირებაა, რადგან მოსწავლეები თეორიული ცოდნის მიღებასთან ერთად პრაქტიკულ დავალებებზეც მუშაობენ და აქვთ შესაძლებლობა, საკუთარი ფანტაზია რეალობად აქციონ.
„ახლა ყველაზე მეტად მომწონს პროგრამირება, რადგან სხვა პროფესიების არჩევისას შენ უნდა მოერგო უკვე ნაცნობ სამყაროს, პროგრამირებით კი შენ თვითონ ქმნი ყველაფერ ახალს, ანუ ქმნი შენს სამყაროს“, - აღნიშნავს ანდრია.
ინფორმაციისთვის, საქართველოს ბანკი განათლების მხარდაჭერას აქტიურად და უწყვეტ რეჟიმში აგრძელებს. კორპორაციული პასუხისმგებლობის ფარგლებში განხორციელებული პროექტების შედეგად ბანკმა უკვე 100 000-მდე ახალგაზრდისთვის შექმნა განათლების შესაძლებლობა.
საქართველოს ბანკის მიზანია, ხელი შეუწყოს იმ ადამიანთა პოტენციალის რეალიზებას, რომლებიც უკეთეს მომავალს ქმნიან. ბანკი პარტნიორებთან ერთად 35-მდე საგანმანათლებლო პროექტს ახორციელებს, რაც ახალგაზრდებს უქმნის შესაძლებლობას, მიიღონ ხარისხიანი განათლება, როგორც საქართველოში, ასევე მის საზღვრებს გარეთ.
საქართველოს ბანკისა და კომაროვის სკოლის თანამშრომლობის ფარგლებში არაერთი ინიციატივა განხორციელდა, რომელიც მიზნად ისახავს, ხელი შეუწყოს მოსწავლეების მხრიდან STEM (მათემატიკის, ინჟინერიის, ტექნოლოგიებისა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების) მიმართულებით ხარისხიან და სიღრმისეულ განათლებაზე ხელმისაწვდომობის ზრდას. ამ მიზნით შეიქმნა STEM ბანაკი, რომელშიც მონაწილეობა მეათე და მეთერთმეტე კლასის 70-მა მოსწავლემ მიიღო.
(რ)