მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გაიმეორებს თუ არა ყავა კაკაოს ბედს? - ექსპერტები ფასების ვარდნას პროგნოზირებენ

ყავა კაკაო

ყავის ინდუსტრიის ზოგიერთი ექსპერტი ყავისა და კაკაოს ბაზრებს შორის პარალელებს ავლებს და პროგნოზირებს, რომ მომდევნო თვეებში ყავის ფასი დაეცემა, ზუსტად ისე, როგორც ეს კაკაოს შემთხვევაში მოხდა, როდესაც 2024 წელს შოკოლადის მთავარმა ინგრედიენტმა ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია, შემდეგ კი მისი ფასი მკვეთრად შემცირდა - ამის შესახებ Reuters-ი წერს.

მწარმოებელ ქვეყნებში ცუდი ამინდისა და მიწოდების შემცირების გამო, 2024 წლის დეკემბერში ნიუ-იორკის ბირჟაზე კაკაოს ფასმა რეკორდულ ნიშნულს, ტონაზე 12 000 დოლარს გადააჭარბა. თუმცა, სულ რაღაც ერთ წელიწადში ფასი 70%-ზე მეტით დაეცა. ამის მიზეზი მომხმარებლების მიერ ძვირად ღირებულ შოკოლადზე უარის თქმა, მწარმოებლების მიერ შეფუთვის ზომის შემცირება და კაკაოს იაფი ალტერნატივებით ჩანაცვლება გახდა.

კაკაოს მსგავსად, ყავის, კერძოდ არაბიკას მარცვლების ფასმაც ტროპიკებში ცუდი ამინდისა და წარმოების შეფერხების გამო მოიმატა. მან რეკორდულ ნიშნულს 2025 წლის თებერვალში მიაღწია და მაღალი ფასი შეინარჩუნა, რასაც ხელი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ დაწესებულმა ტარიფებმა შეუწყო და ყავით ვაჭრობაში დისბალანსი შეიტანა. თუმცა, წელს ბრაზილიაში წარმოების მკვეთრი აღდგენის მოლოდინმა ფასების კლება გამოიწვია.

"ვფიქრობ, წლის ბოლოსთვის ყავის ფასი ერთ ფუნტზე [დაახლ. 0.45 კგ] 2 დოლარი იქნება", - აცხადებს ექსპერტი გარნერი და მიიჩნევს, რომ მაღალი ფასები მოთხოვნას აზარალებს.

Avere Commodities-ის ყავის ანალიტიკოსი დიგბი ბიტსონ-ჰირდი ვარაუდობს, რომ ნიუ-იორკის ბირჟაზე ყავის ფასი წელს კიდევ უფრო დაეცემა და ერთ ფუნტზე 1.80 დოლარს გაუტოლდება.

იანვარში აშშ-ში ყავის ეროვნული ასოციაციის (NCA) მიერ 1 500 ადამიანის გამოკითხვამ აჩვენა, რომ რესპონდენტთა 61%-მა ყავაზე დანახარჯები შეამცირა. ზოგიერთმა შეამცირა კაფეებში ვიზიტები და ყავის სახლში მომზადება დაიწყო, სხვები კი უფრო იაფ ბრენდებზე გადაერთვნენ. თუმცა, NCA-ის ცნობით, ყავის მომხმარებელთა საერთო რაოდენობა არ შემცირებულა.

ვითარებას ინდუსტრიაც გამოეხმაურა. მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი ყავის სავაჭრო კომპანიის, Sucafina SA-ს მმართველი პარტნიორისა და ვაჭრობის ხელმძღვანელის, დევიდ ბერენდსის თქმით, უფრო ძვირად ღირებულმა რბილმა არაბიკამ (მაგალითად, კოლუმბიურმა და ცენტრალურამერიკულმა ყავამ) ბაზრის წილი დაკარგა, შედარებით იაფმა რობუსტამ კი პოზიციები გაიმყარა.

ჰოლანდიური ბანკის, Rabobank-ის ყავის მთავარი ანალიტიკოსის, კარლოს მერას განცხადებით, 2025 წელს ყავაზე მოთხოვნა შეფერხდა და წინა წელთან შედარებით ზრდა არ დაფიქსირებულა (მაშინ როცა პანდემიამდე წლიური მოთხოვნა საშუალოდ 2.3%-ით იზრდებოდა).

მერა აღნიშნავს, რომ ყავის ბოლოდროინდელი გაიაფება საბოლოოდ მომხმარებლამდეც მიაღწევს, რაც მოთხოვნას კვლავ გაზრდის. მისი პროგნოზით, 2026 წელს მოთხოვნა 2%-ით მოიმატებს.

მოთხოვნის მაჩვენებლები ყავასა და კაკაოს შორის მკვეთრ სხვაობას აჩვენებს, რაც ხსნის იმას, თუ რატომ ეპარება ნაწილს ეჭვი, რომ ყავის ფასი კაკაოსავით მკვეთრად დაეცემა.

ანალიტიკოსების თქმით, ბრაზილიაში მოსალოდნელმა რეკორდულმა მოსავალმა ბაზარზე ფასების კუთხით დიდი შვება შესაძლოა მაინც არ მოიტანოს.

"ფერმერებს საკმარისი კაპიტალი აქვთ და მოსავალს ეტაპობრივად გაყიდიან, ნაწილს კი მარაგების შესავსებად შეინახავენ", - აცხადებს კლებერ კასტრო, რომელიც ბრაზილიაში ათობით ფერმას წარმოადგენს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები