სამგორის რაიონში მიხეილ გახოკიძის ქუჩის მასშტაბური რეაბილიტაცია დასრულდა. სამუშაოების საერთო ღირებულებამ 24 მილიონი ლარი შეადგინა.
აღსანიშნავია, რომ ქუჩის განახლების სამუშაოები 2024 წლის 12 ივლისს დაიწყო და 9 თვეში უნდა დასრულებულიყო. ანუ 2025 წლის აპრილში.
მერიის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში, 3 100 მეტრზე სრულად განახლდა მიწისქვეშა კომუნიკაციები – წყალმომარაგების, წყალარინებისა და გაზმომარაგების ქსელები. ასევე, მოეწყო სანიაღვრე სისტემა, ხოლო საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზები მიწისქვეშა კაბელ არხებში განთავსდა.
დასრულებულ სამუშაოებს თბილისის მერი კახა კალაძე, ვიცე-მერი გიორგი ტყემალაძესთან ერთად, გაეცნო.
„საგზაო ინფრასტრუქტურის კიდევ ერთი პროექტი დავასრულეთ. გახოკიძის ქუჩაზე დარჩენილი იყო მცირე სამუშაოები, რაც დღეს უკვე დასრულებულია. აღნიშნულ ტერიტორიაზე მძიმე მდგომარეობა იყო, და ავტომობილით გადაადგილება დიდ დისკომფორტს წარმოადგენდა. პირველ რიგში, განახლდა კომუნიკაციები, ხოლო საგზაო ნაწილიც მოწესრიგდა. გახოკიძის ქუჩა სამ კილომეტრზე მეტია და დღეს ის სრულად მოწესრიგებულია. გარდა ამისა, კორპუსებთან არსებული ტერიტორიის გამწვანების სამუშაოები მიმდინარეობს და 3 ჰექტარ ფართობზე პარკი მოეწყობა. ამისთვის დიდი მადლობა ადგილობრივ მოსახლეობას, რომლებმაც 100-მდე ავტოფარეხის დემონტაჟში მიიღეს მონაწილეობა. შედეგად, დიდი სივრცე გათავისუფლდა პარკისთვის. წლის ბოლოსთვის ყველა სამუშაო დასრულდება,“ - განაცხადა კახა კალაძემ.
პროექტის ფარგლებში, გახოკიძის ქუჩაზე მოეწყო გარე განათების ახალი სისტემა, დამონტაჟდა ენერგოეფექტური LED სანათები; დაიგო ასფალტის საფარი, მოეწყო ტროტუარები, დაიხაზა სავალი ნაწილი, ზებრა გადასასვლელები და დამონტაჟდა ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული „ჭკვიანი“ შუქნიშნები. ასევე, ქუჩაზე არსებული ინფრასტრუქტურა ადაპტირდა განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირებისთვის.
აღსანიშნავია, რომ პროექტში შეტანილია მნიშვნელოვანი ცვლილებები გამწვანების კუთხითაც. გზის მიმდებარე თარგებში მოეწყო სარწყავი სისტემა, დაირგო 1 260 ძირი სხვადასხვა სახეობის ნერგი და 13 010 კვ.მ ფართობზე დაითესა და დაიგო ბალახის საფარი.

პროექტი განხორციელდა თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის, ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს, შპს „თბილსერვის ჯგუფისა“ და გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის თანამშრომლობით.




























