მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„გალფის ქვეყნებიდან ტურისტული ნაკადი შემცირდა“ - რა დატვირთვით მუშაობს სასტუმრო „ბორჯომი-ლიკანი“?

64a57d5b91921
ვიქტორია მღებრიშვილი
05.07.23 18:39
1132
„საპარტნიორო ფონდის“ მართვის ქვეშ მყოფი სასტუმრო „ბორჯომი-ლიკანი“ დღეისთვის 65%-იანი დატვირთვით მუშაობს და ქართველ დამსვენებელთან ერთად სტუმრებს ცენტრალური აზიის და ევროპის ქვეყნებიდან მასპინძლობს.

სასტუმროს დატვირთულობასა და 2023 წლის ზაფხულის სეზონში არსებულ ტურისტულ ტენდენციებზე „ბორჯომი-ლიკანის“ დირექტორმა კობა აბულაძემ BM.GE-სთან ისაუბრა. მისი შეფასებით, წელს ზოგადად ქვეყანაში არაბული ქვეყნებიდან ტურისტების რაოდენობა შემცირდა, თუმცა სხვა მიმართულებებიდან აქტივობა მეორე კვარტალში გასული წლის ამავე პერიოდის ანალოგიურია.

„ბორჯომი-ლიკანის სასტუმროს დატვრითვა ნორმალურია. დღეისთვის სასტუმრო 65%-იანი დატვირთვით მუშაობს. აგვისტოში გასულ წლის ჯავშნების ანალოგიურია, თუმცა ვფიქრობთ, რომ ეს მაჩვენებელი გაიზრდება.

ერთადერთი პრობლემა, რაც გვაქვს ის არის, რომ გალფის ქვეყნებიდან ტურისტული ნაკადი ძალიან შემცირდა. ჩვენი ინფორმაციით, მათ ტურისტული ხაზები გასულ წელთან შედარებით ბევრ ქვეყანაში გაეხსნათ, რამაც ზოგადად ქვეყანაში გალფის ყურის ქვეყნებიდან ტურისტების რაოდენობა შეამცირა. ჩვენს დატვირთულობაში გალფის ქვეყნებიდან ჩამოსულ სტუმრებს დაახლოებით 17-18% უკავია, დიდია მომართვიანობა ცენტრალური აზიის ქვეყნებიდან - ყაზახეთიდან და უზბეკეთიდან, ასევე ისრაელიდან, ევროკავშირის ქვეყნიდან ტურისტული ნაკადებიც გაიზარდა. საქართველოს მოქალაქეებს სასტუმროს დატვირთვაში 25-35% უკავია“, - განმარტა კობა აბულაძემ.

მისი თქმით, წლის მეორე კვარტალში ქვეყანაში ინფლაციის შემცირების მიუხედავად, სასტუმროს მენეჯმენტს განთავსების ფასების გაზრდა მოუწია, რამაც შემოსავლები გაზარდა.

„დატვირთულობის მხრივ, პირველი კვარტალი გასულ წელზე უკეთესი გვქონდა, რაც შეეხება მეორე კვარტალს დატვირთვის კუთხით იმავე მაჩვენებელზე ვართ, რაც გასულ წელს, შემოსვლები კი გაიზარდა, რაც განთავსების ღირებულების ზრდით არის განპირობებული. შესაბამისად, მეორე კვარტლის შემოსავლები 10-15%-ით გაიზარდა.

ქვეყანაში ინფლაციის შემცირება იმდენად მცირეა, რომ ფასებზე გავლენა არ მოუხდენია. მიუხედავად იმისა, რომ ლარი დასტაბილურდა, სხვადასხვა საქონელზე ფასები არ შემცირებულა და პროდუქტის თუ საინჟინრო მასალების შეძენა ისევ ძვირად გვიწევს, რაც საბოლოო ღირებულებაზე აისახება“, - აღნიშნა მან.

სასტუმროს ხელმძღვანელი აღნიშნავს, რომ ივლისში ბორჯომი-ლიკანის სტანდარტულ ნომერში განთავსების ღირებულება 2 ადამიანზე საუზმით 218 დოლარია ექვივალენტი ლარში, რაც გასული წლის ფასს 20 დოლარით აღემატება. სასტუმრო საქართველოს მოქალაქეებს უნაღდო ანგარიშსწორებისას 20%-იანი ფასდაკლებას სთავაზობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები