თურქი ბიზნესმენი გალიფ ოზთურქი მოსამართლე ლევან ყოლბაიამ წინასწარ პატიმრობაში დატოვა. როგორც მისმა ადვოკატმა, დავით ჩავლეიშვილმა bm.ge-ის განუცხადა, პატიმრობის გაგრძელების ძირითადი მოტივი იყო ის, რომ გამოძიება შესაძლო ფინანსურ დანაშაულთან დაკავშირებით გრძელდება. თუმცა ბრალი აღნიშნულთან დაკავშირებით წარდგენილი არ არის.
„ბრალი რომ არ არის ამ კუთხით წარდგენილი, ეს არის იმის წინაპირობა, რომ ამ კუთხით პატიმრობის ვადა არ უნდა გაგრძელდეს. როგორ შეიძლება პატიმრობა მოითხოვო იმისთვის, რაზეც ბრალი არ აქვს წარდგენილი?! სწორედ ეს იყო ის, რის თაობაზეც პროკურორს პაექრობა გავუწიეთ და რაშიც არ ვეთანხმებით გადაწყვეტილებას“, - განაცხადა ადვოკატმა.
დაცვის მხარე 1 მილიონი ლარის ოდენობის გირაოს სანაცვლოდ ითხოვდა ოზთურქის გათავისუფლებას.
„თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ეს თანხა არ არის საკმარისი, მას შეეძლო ამ თანხის გაზრდა“, - აღნიშნა დავით ჩავლეიშვილმა.
აღსანიშნავია, რომ რამდენიმე დღის წინ პროკურატურის მოთხოვნით, ოზთურქის საქმეზე წინა სასამართლო სხდომა, რომელიც 26 ივლისს იყო დაგეგმილი, სექტემბრამდე გადაიდო.
შეგახსენებთ, ბიზნესმენი გალიფ ოზთურქი 30 მაისს, ბათუმში საკუთარ საცხოვრებელ სახლში დააკავეს. მის წინააღმდეგ გამოძიებას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური აწარმოებდა, რომლის მიხედვითაც ბიზნესმენმა დიდი ოდენობით გადასახადებს აარიდა თავი, თუმცა ოზთურქს ამ დრომდე ფინანსურ დანაშაულზე ბრალი წარდგენილი არ აქვს. აღსანიშნავია ისიც, რომ 2 ივნისს საქართველოს პროკურატურამ გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვითაც, ბიზნესმენს ნარკოდანაშაულისთვის წაუყენეს ბრალი, რაც 7.2 გრამი კოკაინის შენახვას უკავშირდებოდა. თუმცა 5 ივლისს „მეტრო ჰოლდინგმა“ გაავრცელა განცხადება და აღნიშნა, რომ გალიფ ოზთურქის სისხლის ნიმუშში ნარკოტიკული საშუალებები და ფსიქოტროპული ნივთიერებები არ აღმოჩნდა.
ცნობისთვის, ბიზნესმენი გალიფ ოზთურქი საქართველოში 2014 წლიდან ცხოვრობს, 2015 წლიდან კი საქართველოს მოქალაქეა. ბოლო შვიდი წლის განმავლობაში მის მიერ დაარსებული კომპანია „მეტრო ჰოლდინგის“ განხორციელებული ინვესტიციის მოცულობა 500 მლნ დოლარია, დასაქმებულთა რაოდენობა კი ბათუმში 4 ათასს აღწევს.
საქართველოს უმსხვილეს ინვესტორთა სიაში დაკავებული ბიზნესმენის, გალიფ ოზთურქის, კომპანიაც მოხვდა