მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Galt & Taggart-ი 2021 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზს 9.5%-მდე ზრდის

615f10b252df8
შოთა ტყეშელაშვილი
07.10.21 21:15
602
საინვესტიციო ბანკმა Galt & Taggart-მა განახლებული ეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც 2021 წელს საქართველოს ეკონომიკა სავარაუდოდ 9.5%-ით გაიზრდება, რაც წინა პროგნოზთან - 8.6%-თან შედარებით 1.1 პროცენტული პუნქტით მეტია.

Galt & Taggart-ის მსგავსად 2021 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი გაზარდა მთავრობამაც, რომელიც წელს ქვეყანაში 9.5%-იან ეკონომიკურ ზრდას მოელის.

ამასთან, ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ წლის ბოლომდე ლარის გაცვლითი კურსის მკვეთრი მერყეობა მოსალოდნელი არაა. ანგარიშის თანახმად, ტურიზმის აღდგენა ლარის გაცვლით კურსზე მოქმედ მნიშვნელოვან დადებით ფაქტორს წარმოადგენს, ხოლო პოლიტიკური არასტაბილურობა და ენერგომატარებლების იმპორტის გაზრდილი მოცულობა ნეგატიურ ფაქტორებად განიხილება. 

“ლარის გაცვლითი კურსი 2021 წლის მაისიდან მოყოლებული სტაბილურობას ინარჩუნებს, რასაც ხელს მკაცრი მონეტარული პოლიტიკა და მაკროეკონომიკური ფაქტორები (მაღალი ეკონომიკური ზრდა და შემცირებული მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი) უწყობენ. ასევე აგვისტოსა და სექტემბერში განხორციელდა ინტერვენციები, რათა ერთჯერადი ფაქტორები ყოფილიყო ელიმინირებული. უკანასკნელი ინტერვენცია $60 მილიონი დოლარის ოდენობით, სებ-მა 30 სექტემბერს განახორციელა და ის წინასაარჩევნო გაურკვევლობის შემცირებას ისახავდა. 2 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ ლარი დოლართან მიმართებით მცირედით გაუფასურდა. ჩვენ ეტაპობრივ აღდგენას ვხედავთ, ტურიზმის ინდუსტრიაში, რაც ლარის სტაბილურობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია.

ამასთან, ვხედავთ გარკვეულ ზეწოლას კურსზე, რაც ენერგომატარებლების გაზრდილ იმპორტსა და ახალ წელთან დაკავშირებით იმპორტის ზრდას უკავშირდება. თუმცა, ჩვენ არ მოველით მკვეთრ მერყეობას და წლის ბოლომდე დოლარის კურსს 3.1-3.2 ლარის ფარგლებში ვპროგნოზირებთ. ამასთან, ჩვენი აზრით თუკი სებ-ი ბაზარზე გადაჭარბებულ ვოლატილობას დაინახავს, ის ინტერვენციებს მიმართავს. პოლიტიკურ არასტაბილურობასაც ერთ-ერთ რისკ-ფაქტორად განვიხილავთ, თუმცა ამ უკანასკნელსაც დროებითი ეფექტი ექნება. 2022 წლიდან კი ლარის კურსს დოლართან მიმართებით 3.0-3.15-ის ფარგლებში ვპროგნოზირებთ,”- ნათქვამია Galt & Taggart-ის მიმოხილვაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები