Galt & Taggart-ის ეკონომისტის, ლაშა ქავთარაძის პროგნოზით, ხვალ საქართველოს ეროვნული ბანკი რეფინანსირების განაკვეთის გაზრდის შესახებ მიიღებს გადაწყვეტილებას. მისი შეფასებით, შესაძლოა, მატებამ 1 პროცენტული პუნქტიც კი შეადგინოს.
შესაბამისად, Galt & Taggart-ის პროგნოზით, ხვალიდან, რეფინანსირების განაკვეთი შესაძლოა 12% გახდეს.
“მნიშვნელოვანია სებ-ის სიგნალი, რომ ეროვნული ბანკი აკონტროლებს ინფლაციას. იმის მიუხედავად, რომ ინფლაციის დიდი ნაწილი გამოწვეულია არა მოთხოვნის, არამედ მიწოდების მხრიდან, ვფიქრობთ, ეროვნულ ბანკს მოუწევს ხვალ რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა. ეს შეიძლება იყოს ერთ პროცენტულ პუნქტდამდე.
ინფლაციის პროგნოზი რაც გვაქვს - 10.5%, ითვალისწინებს ეროვნული ბანკის მიერ პოლიტიკის გარკვეულ გამკაცრებას,” - ამბობს ლაშა ქავთარაძე.
გადაცემა “საქმიან დილაში” ეკონომისტმა აღნიშნა, რომ ქვეყანაში ინფლაციური წნეხის შემცირებაზე პასუხისმგებლობა ეროვნულ ბანკთან ერთად ხელისუფლებასაც ეკისრება. ლაშა ქავთარაძე მიიჩნევს, რომ სწორი იქნება, თუკი წელს მთავრობა ბიუჯეტის დეფიციტის დონეს შეამცირებს.
“მხოლოდ მონეტარულ პოლიტიკას არ შეუძლია მოთოკოს ის ინფლაციური წნეხი რაც გვაქვს. მნიშვნელოვანია ასევე ფისკალური პოლიტიკაც. 2020 წლიდან მოყოლებული ფისკალური დეფიციტი ძალიან მაღალია და ბევრ რაღაცეებს ცვლის ის მაკროეკონომიკაში.
მიმდინარე წელს, იმისთვის, რომ შემსუბუქდეს წნეხი, აუცილებელია, ბიუჯეტის დეფიციტი უფრო ნაკლები იყოს. არანაირ შემთხვევაში არ უნდა მოხდეს ზრდის მიმართულებით ხარჯების დაკორექტირება, არამედ - პირიქით; მაგალითად, თუ მოხდება პროექტების გადავადება მომდევნო წელს. ესეც დადებით შესაძლებლობას მისცემს.
თუ გვინდა, ინფლაცია იყოს მეტ-ნაკლებად მოთოკილი, ფისკალური და მონეტარული პოლიტიკა ერთი მიმართულებით უნდა წავიდეს. არანაირი ფისკალურ-მონეტარული პოლიტიკა არ მოგვცემს გარანტიას, რომ ინფლაცია 3%-ს დაუბრუნდება წლის ბოლოს, მაგრამ აქ არის მნიშვნელოვანი, რომ შემცირების ტენდენცია დავინახოთ", - ამბობს ლაშა ქავთარაძე.
11 მაისს, საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის სხდომაა დაგეგმილი. წინა სხდომაზე, 30 მარტს სებ-მა რეფინანსირების განაკვეთი 0,5 პროცენტული პუნქტით 11%-მდე გაზარდა, რაც უპრეცედენტოდ მაღალი განაკვეთია.
აპრილში ქვეყანაში წლიური ინფლაციის დონე 12.8% იყო, რაც მარტის ინფლაციაზე 1 პროცენტული პუნქტით მეტია.



























