„გალტ & თაგარტის“ მხარდაჭერით, კომპანია „აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯიამ“, მულტი-სავალუტო პროგრამის ფარგლებში ობლიგაციების პირველი და მეორე ტრანშების წარმატებით დასრულებასთან დაკავშირებით კონფერენცია გამართა. პროგრამის ფარგლებში, კომპანიას ჯამურად გამოშვებული და განთავსებული აქვს 20 მილიონი აშშ დოლარისა და 5 მილიონი ევროს ობლიგაციები.
2023 წლის დეკემბერში გამოშვებული პირველი ტრანში, 20 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით, კომპანიის ისტორიაში მესამე კორპორატიული ობლიგაციების ემისიაა. მიუხედავად იმისა, რომ კომპანიის წინა ემისიასთან შედარებით, საპროცენტო განაკვეთები აშშ დოლარში გლობალურად საგრძნობლად გაიზარდა, ობლიგაციების საპროცენტო სარგებელი ისევ ფიქსირებული 8.50%-ით განისაზღვრა. აღნიშნულ ემისიაზე გადაჭარბებული მოთხოვნის გამო, 2024 წლის იანვარში მულტი-სავალუტო პროგრამის ფარგლებში, კომპანიამ დამატებით, პირველად გამოუშვა და სრულად განათავსა 5 მილიონი ევროს ობლიგაციები, რომლის საპროცენტო სარგებელმაც 7.00% შეადგინა. აღნიშნული ევროს გარიგება 2024 წლის პირველი ობლიგაციების განთავსებაა. ორივე ტრანშის ობლიგაციების ვადიანობა 2 წელია და ჯამში, ორივე ემისიის შედეგად, კომპანიას 140-მდე ინვესტორი ჰყავს.
„აი ჯი დეველოფმენტის“ დარჩენილი ტრანშების ემისია 2024 წლის განმავლობაში იგეგმება.
პრეს-კონფერენციას ესწრებოდნენ გარიგების განხორციელებაში ჩართული მხარეები და კაპიტალის ბაზრის ძირითადი მონაწილეები. პრეს-კონფერენციაზე სპიკერები იყვნენ:
- ლევან შავკაციშვილი, „გალტ & თაგარტის“ გენერალური დირექტორი;
- მინდია საბანაძე, „აი ჯი დეველოფმენტის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე;
- ეკატერინე მიქაბაძე, „საქართველოს ეროვნული ბანკის“ საბჭოს წევრი, ვიცე-პრეზიდენტი.
სპიკერებმა და ღონისძიებაში მონაწილეებმა მიმოიხილეს გარიგებისა და ადგილობრივი კაპიტალის ბაზრისთვის მნიშვნელოვანი საკითხები, რომელთა შორისაც იყო გარიგების დანიშნულება და უპირატესობები კომპანიისთვის, „გალტ & თაგარტის“ როლი ობლიგაციების წარმატებით განთავსებაში, ასევე, ინვესტორების გარიგებით თუ ზოგადად, სავალუტო ობლიგაციებით დაინტერესება და კაპიტალის ბაზრის ძირითადი ტენდენციები.
მინდია საბანაძე, „აი ჯი დეველოფმენტის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე: „კომპანია „გალტ & თაგარტის“ დახმარებით საქართველოს კაპიტალის ბაზარზე უკვე მეოთხედ, ამჯერად ევროში დენომინირებულ ობლიგაციებს უშვებს. პირველად 2 წლის წინ, წარმატებით გამოვუშვით ჯამურად 30 მილიონი აშშ დოლარის ობლიგაციები არც თუ ისე მიმზიდველი ადგილობრივი თუ საერთაშორისო განვითარებების ფონზე. ამჯერად, ახალი 45 მლნ. აშშ დოლარის ექვივალენტი პროგრამის ფარგლებში, კომპანიამ 2023 წლის დეკემბრის ბოლოს სრულად და უპრეცედენტოდ მოკლე ვადებში წარმატებით გამოუშვა და განათავსა 20 მლნ. აშშ დოლარის ობლიგაციები. ინვესტორთა მოთხოვნის გამო კი, 2024 წლის იანვარში, იმავე პროგრამის ფარგლებში, გამოუშვა 5 მლნ. ევროს ობლიგაციები. „აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯია“ მუდმივად მზარდი კომპანიაა, რომელიც ინვესტიციას მასშტაბურ პროექტებში ახორციელებს, რისთვისაც კაპიტალის ალტერნატიული წყაროები ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ, „გალტ & თაგარტთან“ ერთად ვავითარებთ საქართველოს კაპიტალის ბაზარს ამიტომ, პირველ რიგში, მინდა მადლობა გადავუხადო „გალტ & თაგარტს“, რომელმაც უკვე ობლიგაციების ორი პროგრამის ფარგლებში შეძლო ჩვენი მიზნების განხორციელება. ასევე, მადლობა ყველა სხვა პარტნიორსა და ინვესტორს. დარწმუნებული ვართ, სამომავლო შეთავაზებებიც მსგავსი ინოვაციური ელემენტებით იქნება გამორჩეული.“
ლევან შავკაციშვილი, „გალტ & თაგარტის” გენერალური დირექტორი: „მოხარული ვარ, რომ „გალტ & თაგარტი“ „აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯიას“ ობლიგაციების განთავსების პარტნიორია და აღნიშნული უკვე მეორე ერთობლივი ობლიგაციების პროგრამაა, რომელიც თავის მხრივ, ამ ეტაპისთვის ოთხ წარმატებულ გარიგებას მოიცავს. „გალტ & თაგარტი“ საქართველოს კაპიტალის ბაზარს სთავაზობს ინოვაციურ პროდუქტს - მულტი-სავალუტო ობლიგაციების პროგრამის სახით, რომელიც დღემდე პოპულარული და მოქნილი დაფინანსების შესაძლებლობაა ემიტენტებისთვის. ვიმედოვნებთ, მომავალში „აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯიასთან“ თანამშრომლობის ფარგლებში ბაზარს კიდევ არაერთ მსგავს ინოვაციურ გარიგებას და პროდუქტს შევთავაზებთ. ასევე, აღსანიშნავია, რომ „გალტ & თაგარტი“ ერთადერთი საინვესტიციო ბანკია საქართველოში, რომელსაც ევროში დენომინირებული ობლიგაციები აქვს გამოშვებული.“