გალტ & თაგარტმა, 23 სექტემბერს სომხეთში „კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამის (CMS)“ ფარგლებში, საგანმანათლებლო კონფერენცია გამართა. კონფერენცია ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისა (EBRD) და ევროკავშირის მხარდაჭერითა და Ameria Management Advisory-თან თანამშრომლობით ჩატარდა. შეხვედრა კაპიტალის ბაზრის განვითარებისთვის საჭირო ESG ინსტრუმენტების განხილვას დაეთმო.
ღონისძიებაზე განხილული იყო:
- ESG-სთან დაკავშირებული ინსტრუმენტების თავისებურებები;
- როგორ მუშაობს მწვანე ობლიგაციების ბაზარი;
- ობლიგაციების სტანდარტული გამოშვების პროცედურები;
- გამოშვების შემდგომი მოთხოვნები და ანგარიშგება.
კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამის მიზანი სომხეთში უფრო ეფექტური და თვითკმარი ადგილობრივი კაპიტალის ბაზრების განვითარებაა. პროგრამა მოიცავს საგანმანათლებლო და საკონსულტაციო მხარდაჭერას და დაფინანსების მოპოვების შესაძლებლობას, მათ შორის კოორდინაციას სომხეთის ცენტრალურ ბანკთან და სომხეთის ეკონომიკის სამინისტროსთნ.
“გალტ & თაგარტის გუნდისთვის საამაყოა, რომ კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამა გასულ წლებში წარმატებულად განვახორციელეთ საქართველოში, ახლა კი პროგრამას სომხეთში ვახორციელებთ. პროგრამის მთავარი მიზანი სომხეთის კაპიტალის ბაზარზე ალტერნატიული დაფინანსების წყაროების ხელმისაწვდომობის ზრდა და კორპორატიული ემიტენტების დაინტერესებაა. ეს კი ადგილობრივი კომპანიებისთვის ემისიის ხარჯების თანადაფინანსების, გამოცდილების გაზიარებისა და სხვადასხვა საკონსულტაციო მომსახურების გაწევის გზით არის შესაძლებელი.
სომხეთში მხარდაჭერის პროგრამას აფინანსებს ევროკავშირი და ორგანიზებას უწევს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი, ხოლო პროგრამის განმახორციელებელი პარტნიორები ვართ ჩვენ, „გალტ & თაგარტი“ და Ameria Management Advisory. მთელი ეს პროგრამა მიმდინარეობს სომხეთის ეკონომიკის სამინისტროსთან და ასევე, მათ სახელმწიფო მხარდაჭერის პროგრამასთან მჭიდრო თანამშრომლობით. პროგრამას ორი მიმართულება აქვს: საგრანტო სქემა და საგანმანათლებლო სქემა. საგრანტო სქემის ფარგლებში, ადგილობრივ ბაზარზე საჯარო ფასიანი ქაღალდების წარმატებულ ემიტენტებს ექნებათ შესაძლებლობა მიიღონ გრანტის დაფინანსება 25,000-დან 75,000 ევრომდე ოდენობით, ემისიასთან დაკავშირებული ხარჯების თანადაფინანსების მიზნით. მეორე მიმართულებაა საგანმანათლებლო სქემა, რომლის ფარგლებშიც ორგანიზება გავუკეთეთ კონფერენციებისა და ვებინარების სერიას კაპიტალის ბაზრებთან დაკავშირებულ თემებზე, როგორიცაა IPO-ები, ობლიგაციების გამოშვების პროცესები, მარეგულირებელი ჩარჩო, კორპორატიული მმართველობა, ინვესტორებთან ურთიერთობა და ა.შ. დღევანდელი ღონისძიება ასევე იყო საგანმანათლებლო სქემის ნაწილი. აქცენტი გაკეთდა ფასიანი ქაღალდების ESG კომპონენტზე და მათ სარგებელზე ადგილობრივ ბაზარზე ემიტენტებისთვის“, - აცხადებს თამთა გორგაძე, გალტ & თაგარტის საკონსულტაციო სამსახურის უფროსი.




























