მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Galt & Taggart: FMCG ბაზარზე ყველაზე დიდი წილი დისქაუნთერის ფორმატის მაღაზიებს უჭირავს

Galt&taggart
23.02.24 12:08
837

"გალტ & თაგარტის" FMCG სექტორის კვლევა ბრენდული ქსელების სამომავლო განვითარებისთვის რამდენიმე ძირითად მიმართულებას გამოყოფს, ესენია: ფორმატების დივერსიფიკაცია, პროდუქციის ასორტიმენტის ზრდა, საკუთარი წარმოების განვითარება, მონაცემთა ანალიზი და სერვისების პერსონალიზაცია.

კვლევის მიხედვით, დისქაუნთერის ფორმატის მაღაზიები ყველაზე სწრაფად გაიზარდა 2018-23 წლებში და ბრენდული ქსელების ბაზრის 45% დაიკავა. მეორეს მხრივ, კლებადია დიდი ფორმატის მაღაზიების, ჰიპერმარკეტების და სუპერმარკეტების ბაზრის წილი, რომელიც 2018-23 წლებში 37%-დან 20%-მდე შემცირდა. გარდა ამისა, აღსანიშნავია რომ, კომპანიების უმეტესობა კონცენტრირებულია მომხმარებელთა კონკრეტულ ჯგუფებზე და მცირეა ისეთი კომპანიების რაოდენობა, რომელიც რამდენიმე ფორმატში ოპერირებს. შესაბამისად, ფორმატების დივერსიფიკაცია შესაძლებელს გახდის სხვადასხვა პრეფერენციების მომხმარებლის მოზიდვას, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ ფონზე, როდესაც მოსახლეობის რაოდენობა არ იზრდება.

კვლევის მიხედვით, ბრენდებისთვის მნიშვნელოვანია პროდუქციის ასორტიმენტის ზრდა, რაც არაფორმალური ბაზრიდან მომხმარებლის მოზიდვას შეუწყობს ხელს. მაგალითისთვის, ხორცის, რძის პროდუქტების და ხილ-ბოსტნეულის წილი მომხმარებლის FMCG დანახარჯებში 2023 წელს 40.7%-ს შეადგენდა მაშინ როცა, ბრენდული ქსელების შემოსავლებში მათი ჯამური წილი მხოლოდ 19.5% იყო, რაც დიდ, აუთვისებელ პოტენციალზე მიუთითებს. პროდუქციის ასორტიმენტის ზრდის ერთ-ერთ გზა საკუთარი წარმოების განვითარებაა. ბრენდული ქსელების შემოსავლებში საკუთარი წარმოების (private label) წილი 2023 წელს 8.9% იყო, რომელიც 2018 წელთან შედარებით მცირედით გაზრდილია. მოსალოდნელია რომ საკუთარი წარმოების წილი გაყიდვებში გაიზრდება და ევროპის საშუალო მაჩვენებელს თანდათან დაუახლოვდება.

"გალტ & თაგარტის" კვლევაში აქცენტი ასევე გაკეთებულია დემოგრაფიული ცვლილებების ეფექტებზე. 2028 წელს, საქართველოში ზრდასრული მოსახლეობის თითქმის მეოთხედი Gen-Z თაობის წარმომადგენელი იქნება. შესაბამისად, მათზე მორგებული სერვისების შეთავაზება მომხმარებლის მიზიდვის ერთ-ერთი მთავარი წინაპირობაა. ამ მიზნის მისაღწევად კვლევა ელ-კომერციის, მონაცემთა ანალიზისა და სოც-მედიის გამოყენების მნიშვნელობაზე ამახვილებს ყურადღებას. მიუხედავად იმისა, რომ ელ-კომერციის წილი მცირეა და დიდი ზრდა მოსალოდნელი არ არის, ციფრული არხების ათვისებას მომხმარებლის ინფორმირების ფუნქციაც აქვს.

გარდა ამისა, ლოიალობის პროგრამების პოპულარიზაციის გზით, ბრენდულ ქსელებს მომხმარებლის პრეფერენციებისა და ჩვევების გაანალიზება შეუძლიათ, რაც შესაძლებლობას იძლევა რომ მოხდეს სერვისების პერსონალიზაცია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები