მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ეს დარგის ლოგიკური განვითარებაა" – "ნიკორა ტრეიდის" დირექტორი FMCG ბაზრის გამსხვილებაზე

თემურ ალექსანდრია

წელს, FMCG სექტორში ბაზრის რამდენიმე მსხვილი მონაწილე გაერთიანდა. კერძოდ “დეილი”, “მაგნიტი”, “სპარი”, “გვირილა” და “იოლი” ერთ ჯგუფში მოექცნენ. არის იმის მოლოდინი, რომ ბაზარზე გამსხვილება გაგრძელდება.

როგორც გადაცემა “საქმიან დილას” რუბრიკაში “ინვესტიციების დროა”, "ნიკორა ტრეიდის" აღმასრულებელმა დირექტორმა, თემურ ალექსანდრიამ განაცხადა, განსაკუთრებული ამ პროცესებში არაფერია და გამსხვილებები დარგის ლოგიკური განვითარებაა.

“მსგავს მასობრივ ინდუსტრიებში არის ხოლმე 3-4 დიდი მოთამაშე განვითარებულ ბაზრებზეც. ჩვენკენაც მსგავსი ლოგიკური ჯაჭვი ვითარდება და ორგანიზებული ბაზრის გამსხვილება და მისი წილის ზრდა მიმდინარეობს.

ამ მხრივ ჩვენი მსგავსია აღმოსავლეთ ევროპის ბაზრის გამოცდილება. დასავლეთ ევროპაში უკვე დასტაბილურებულია სურათი და ორგანიზებული რითეილი პიკს აღწევს. აღმოსავლეთ ევროპაში კი ჩვენი მსგავსია. ჩვენზე წინ არიან, თუმცა იქ ჯერ პიკისთვის არ მიუღწევიათ", - განაცხადა თემურ ალექსანდრიამ.

მისივე თქმით, FMCG სექტორი ინვესტორებისთვის საინტერესოა და მალე ინვესტიციების ახალი ეტაპი დაიწყება.

“ბაზარზე გაზრდილი მასშტაბები საჭიროებს განვითარებას, როგორც ფიზიკური, ასევე ციფრული ინსტრუმენტების კუთხით. ამ მასშტაბებზე აუცილებელია ლოგისტიკური ცენტრის ინფრასტრუქტურაც. ჩვენ ახლახან 60 მლნ დოლარის ობლიგაციები გამოვუშვით, რომელიც მიმართულია ლოგისტიკური ცენტრის აშენებაზე”, - განაცხადა მან და დასძინა, რომ 9 თვის მონაცემებით, ორგანიზებული რითეილის წილი 40%-ს გადასცდა, თუ ზრდის ტემპს გავითვალისწინებით, შესაძლებელია ეს მაჩვენებელი 45-50%-ის ფარგლებშიც იყოს.

ცნობისთვის, თიბისი კაპიტალის FMCG სექტორის კვლევის თანახმად, “ნიკორა” გაყიდვების მოცულობით ბაზრის ლიდერია. რეიტინგში მას მოსდევს “ორი ნაბიჯი”, “კარფური” და “სპარი”.

კონკურენციის სააგენტოს თანახმად, 2023 წელს FMCG ბაზრის საცალო დონეზე, ქვეყნის მასშტაბით, ეკონომიკურ საქმიანობას ახორციელებდა 12 000 -მდე კომპანია;ბაზრის მესამედი თბილისს უკავია და მოცემული სექტორი მძაფრი კონკურენციით ხასიათდება. თუმცა, ორგანიზებული ბაზრის წილი ჯერ კიდევ დაბალია ქვეყნის სხვა რეგიონებში. აღნიშნული ბაზრის ზრდის მაღალ პოტენციალზე მიუთითებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები