Galt & Taggart-ი 29 ივლისის სხდომაზე მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის უცვლელად 8.25%-ზე დატოვებას ელოდება.
საინვესტიციო ბანკში აცხადებენ, რომ ეროვნული ბანკი ამ ეტაპზე მოლოდინის რეჟიმში დარჩება. მაისში განაკვეთის 25 საბაზისო პუნქტით გაზრდის შემდეგ, სებ-მა ივნისში მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი უცვლელად შეინარჩუნა.
"ივლისის შუა რიცხვებში ჰორმუზის სრუტე კვლავ დაიკეტა, რამაც Brent-ის ტიპის ნავთობის ფასი ივნისის ბოლოს არსებული 72 დოლარიდან გასულ კვირას 100 დოლარამდე გაზარდა. თუმცა ამჯერად ფასების ზრდა უფრო ეტაპობრივი იყო, ვიდრე მკვეთრი ნახტომი. მიუხედავად ამისა, თუ ნავთობის ფასები დიდი ხნის განმავლობაში შენარჩუნდება მაღალ ნიშნულზე, განახლებულმა ინფლაციურმა წნეხმა შესაძლოა მეორადი ეფექტები წამოწიოს წინა პლანზე ეს სწორედ ის პირობაა, რომლის დადგომისას პოლიტიკის შემდგომი გამკაცრების მზაობაზე სებ-მა ჯერ კიდევ მაისში მიანიშნა. ამ შემთხვევაში, არ არის გამორიცხული სექტემბერში განაკვეთის კიდევ ერთი, 25 საბაზისო პუნქტიანი ზრდა.
ნავთობის ფასის ხელახალი ზრდა მნიშვნელოვანია, მაგრამ ბაზრის ქცევა გაზაფხულისგან ორი მნიშვნელოვანი ასპექტით განსხვავდება: ზრდა უფრო ეტაპობრივი იყო და ყოველდღიური მერყეობა გაცილებით დაბალია, თუმცა თავად რყევები გაურკვევლობას კვლავ მაღალ დონეზე ინარჩუნებს. მიწოდების დანაკარგის გამო პანიკური ფასწარმოქმნის ნაცვლად, ბაზარი ამ შეფერხებას აღიქვამს, როგორც ლოკალიზებულ და მართვად პროცესს. ამას ხელს უწყობს OPEC+-ის გაზრდილი მიწოდება, სუსტი გლობალური მოთხოვნა და პირველი ჩაკეტვის გამოცდილება. საქართველოსთვის ეს ნიშნავს, რომ იმპორტირებული ენერგიის იმპულსი უფრო ზომიერი და პროგნოზირებადია, ვიდრე გაზაფხულზე - და ეს სწორედ ის შოკია, რომლის საწინააღმდეგოდაც სებ-მა მაისში განაკვეთის ზრდით უკვე დაიზღვია თავი", - აღნიშნულია Galt & Taggart-ის მიმოხილვაში.
ამის გათვალისწინებით, Galt & Taggart-ი ვერ ხედავს განაკვეთის ზრდის აუცილებლობას და ელის, რომ კომიტეტი 29 ივლისს დაკვირვების პოზიციას აირჩევს და განაკვეთს 8.25%-ზე დატოვებს. ამავდროულად, თუ ნავთობის ფასები მაღალ ნიშნულზე დიდხანს შენარჩუნდება და დაიწყებს ფართო საფასო დინამიკაზე ასახვას, სებ-მა ჯერ კიდევ მაისში მიანიშნა თავისი მზაობა პოლიტიკის შემდგომ გამკაცრებაზე. ასეთ შემთხვევაში, სექტემბერში კიდევ ერთი 25 საბაზისო პუნქტიანი ზრდა მისი ფრთხილი მიდგომის ბუნებრივი გაგრძელება იქნება.
საინვესტიციო ბანკში მიიჩნევენ, რომ პოლიტიკის განაკვეთი თანდათანობით შემცირება 7.5%-მდე 2027 წლის ბოლოსთვის არის მოსალოდნელი.




























