მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Galt & Taggart - საქართველოში დანაზოგები იზრდება

გალტი
24.01.24 11:11
1132

ბოლო ორი წლის განმავლობაში საქართველოში დანაზოგები (მოიცავს კერძო და სამთავრობო სექტორს) მნიშვნელოვნად გაიზარდა, რაც მაღალი ეკონომიკური ზრდის შედეგია. 2022-23 წლებში საქართველოში დანაზოგების მოცულობა მშპ-ის მიმართ შესაბამისად 19.8% და 22.0%-ია. ეს მკვეთრი ზრდაა 2020 და 2021 წლებში არსებული მშპ-ის 11.4% და 8.5%-დან. ამასთან, დანაზოგების მიმდინარე ზრდა დიდწილად კერძო სექტორის დანაზოგების ზრდამ განაპირობა, ხოლო მთავრობის დანაზოგების დონემ საშუალოდ მშპ-ის 5.0% შეადგინა 2022-23 წლებში. ასევე აღსანიშნავია დაგროვებითი საპენსიო სქემის პოზიტიური როლი დანაზოგების ზრდაში, რომლის მოცულობამ 4.4 მლრდ ლარი შეადგინა 2023 წლის ბოლოს.

რაც შეეხება ინვესტიციებს (მოიცავს კერძო და სამთავრობო სექტორს), ჩვენი შეფასებით მისი დონე მშპ-ის 26.5%-ს შეადგენს 2023 წელს, რაც გაზრდილია 2022 წლის 24.3%-დან. ამასთან, პანდემიის პერიოდში საქართველოში ინვესტიციები დანაზოგებზე ნაკლებად შემცირდა, ძირითადად მთავრობის მაღალი კაპიტალური ხარჯების გამო.

დანაზოგების აღნიშნული ზრდა და შესაბამისად დანაზოგებსა და ინვესტიციებს შორის სხვაობის შემცირება მიმდინარე ანგარიშის ბალანსის გაუმჯობესებაა, რადგან საინვესტიციო აქტივობის დაფინანსებისთვის უფრო დიდი მოცულობის ეროვნული დანაზოგების გამოყენება ხდება.

ზოგადად, ქვეყანაში დანაზოგების ზრდას მნიშვნელოვანი დადებითი გავლენა აქვს ეკონომიკურ ზრდასა და ცხოვრების დონის გაუმჯობესებაზე. გაზრდილი დანაზოგები ინვესტიციების ზრდას, პროდუქტიულობის გაუმჯობესებას და სამუშაო ადგილების შექმნას განაპირობებს. გარდა ამისა, ზრდადი დანაზოგების პირობებში მცირდება საპროცენტო განაკვეთები და საგარეო დაფინანსების წყაროებზე დამოკიდებულება.

ისტორიულად, საქართველოში მიმდინარე ანგარიშის ბალანსი, რომელიც ასახავს სავალუტო ნაკადების მოძრაობას საქართველოსა და სხვა ქვეყნებს შორის, უარყოფითია (დეფიციტური). აღნიშნული დეფიციტი ქვეყანაში სწორედ დანაზოგებსა და ინვესტიციების შორის სხვაობას უკავშირდება, რადგან ქვეყანაში არსებული დანაზოგები მაღალი საინვესტიციო აქტივობის დასაფინანსებლად საკმარისი არ არის. საქართველო წარმატებით იზიდავს უცხოურ ინვესტიციებს ამ დეფიციტის დასაფარად, რაც ეროვნული ვალუტის სტაბილურობას განაპირობებს. თუმცა, არასაკმარისი ინვესტიციების ან ვალუტის სხვა ნაკადების შემცირების შემთხვევაში ეს უარყოფით გავლენას ახდენს ლარზე (მაგალითად 2020 წელს პანდემიის გამო ტურიზმის შეწყვეტა და უცხოური ინვესტიციების კლება).

დანაზოგების ზრდის პარალელურად, 2022 წლიდან მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი მნიშვნელოვნად შემცირდა. მაგალითად, 2022 წელს მიმდინარე ანგარიშის დეფიციტმა მშპ-ის მიმართ 4.5%, ხოლო 2023 წლის იანვარ-სექტემბერში მშპ-ის 2.6% შეადგინა. ამასთან, წინა წლებში მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი ორნიშნა იყო. დეფიციტის განსაკუთრებული ზრდა კოვიდ პანდემიის დროს 2020 წელს დაფიქსირდა და მშპ-ის 12.5% შეადგინა.

ჩვენი პროგნოზით 2024 წელს მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი მშპ-ის მიმართ 4.3%-ის ფარგლებშია მოსალოდნელი, რაც ხელს შეუწყობს ლარის გაცვლითი კურსის სტაბილურობას.

საშუალოვადიანი პერიოდისთვის, საქართველოს 5-6%-იანი ეკონომიკური ზრდის პოტენციალის და დანაზოგების ზომიერი ზრდის გათვალისწინებით, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტს 4-5%-ის ფარგლებში ვპროგნოზირებთ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები