მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Galt & Taggart: "უძრავ ქონებაზე ფასების აგრესიული ზრდის პერიოდი დასრულდა"

გალტი

Galt & Taggart-ის შეფასებით, უძრავი ქონების ბაზარზე ვითარება დასტაბილურდა. საინვესტიციო ბანკში ფიქორბენ, რომ აგრესიული ზრდის პერიოდი გადავლილია და 2024 წელს არსებული მოთხოვნის შენარჩუნების პირობებში ფასი ერთნიშნა მაჩვენებლით, 10%-მდე გაიზრდება. როგორც საინვესტიციო ბანკის სექტორული კვლევების განყოფილების უფროსმა კახა სამყურაშვილმა „საქმიანი დილის“ ეთერში საუბრისას განაცხადა, ფასების მასშტაბური ზრდის ბუმი გადავლილია, თუმცა ამ ეტაპზე არც კლების წინაპირობები არსებობს.

სამყურაშვილი ამბობს, რომ თბილისის უძრავი ქონების ბაზარზე პირველად ბინებზე მოთხოვნა კვლავ მზარდი, ბაზარი კი კონკურენტულია.

„გარდა თვითღირებულებისა, ფასებს განაპირობებს მოთხოვნა. თვითღირებულების ნაწილში სიტუაცია დასტაბილურებულია, ფასები ისე აღარ იზრდება. მეორე იყო მუშახელის ხელფასები, რომელიც ჯერ კიდევ მზარდია, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ მასალებს უფრო დიდი ეფექტი აქვთ თვითღირებულებაზე, ვიდრე ხელფასს, ვფიქრობთ, რომ ამის ეფექტი უფრო ლიმიტირებული იქნება. მესამეა მოთხოვნა, რომლის შენარჩუნების პირობებში ჩვენ ველოდებით ფასების ზრდას 10%-ის ფარგლებში.

იმ ჭრილში, როგორი აგრესიული ზრდაც გვქონდა გასული 2 წლის განმავლობაში დაახლოებით 45%-ით გაიზარდა ფასი, ეს პერიოდი ახლა უკვე დასრულდა. თბილისის უძრავი ქონების ბაზარი ძალიან კონკურენტულია, რადგან ახლა 400-მდე მიმდინარე პროექტია, რაც საკმაოდ მაღალი რიცხვია. ბევრი დეველოპერია და არცერთი არ არის ისეთი, რომელსაც ბაზრის თუნდაც 10%-ზე მეტი უჭირავს შეთავაზებული ბინების რაოდენობის მიხედვით.

ცალსახად ნებართვების და პროექტების ასეთი ზრდა საყურადღებოა, თუმცა 1-წლიანი ზრდა არ ნიშნავს იმას, რომ ბევრ მიწოდებასთან მიგვიყვანს. რომ ავიღოთ მაჩვენებელი, რამდენი ბინით აჭარბებს ნებართვების ზრდა საშუალო მაჩვენებელს, რაც წინა წლებში იყო, ეს შეიძლება უხეშად რომ დავთვალოთ, მაქსიმუმ იყოს 10 ათასამდე ბინა. საუბარია ბინებზე, რომელიც მომდევნო 3-4 წლის განმავლობაში უნდა აშენდეს. ეს არ არის ის რაოდენობა, რომელსაც ბაზარზე მნიშვნელოვანი წნეხის მოხდენა შეუძლია. ამას ბაზარი თავისუფლად აითვისებს. ჩვენ პოზიციაა, რომ თუ ასე გაგრძელდა 3-4 წლის განმავლობაში, მერე შეიძლება იყოს იმის საფრთხე, რომ მიწოდებამ გადაჭარბოს მოთხოვნას, თუმცა ამ ეტაპზე ჩვენ ამას ვერ ვხედავთ”, - განაცხადა კახა სამყურაშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები