მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

Galt&Taggart-მა ტურიზმის აღდგენის პროგნოზი შეამცირა

62309e3a06da6
სალომე ჭიპაშვილი
15.03.22 18:44
995
"მარტში იმიგრანტების დიდი ტალღა შეინიშნება, მაგრამ ვფიქრობ, არიან ისეთი ადამიანებიც, რომლებიც საქართველოში თებერვალში შემოვიდნენ და რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის გამო საზღვარი აღარ გადაკვეთეს", - განაცხადა „საქმიან დილაში“ ტურიზმის აღდგენის პროგნოზებზე საუბრისას Galt&Taggart-ის კვლევების დეპარტამენტის უფროსმა ევა ბოჭორიშვილმა.

მისი თქმით, 2022 წლის თებერვალში ამავე წლის იანვართან შედარებით, ტურისტების რაოდენობა მომატებულია.

"ტურისტების აღრიცხვა მას შემდეგ ხდება, როცა ვიზიტორები საზღვარს ტოვებენ, ამიტომ შეიძლება დავუშვათ, რომ მას შემდეგ, რაც 24 თებერვალს რუსეთი უკრაინის ტერიტორიაზე შეიჭრა, საქართველოში იმაზე უფრო მეტი ადამიანი იყოს შემოსული, ვიდრე ოფიციალურ სტატისტიკაში ჩანს. ძალიან საინტერესოა ვიცოდეთ, თუ რამდენი ადამიანია ისეთი, რომელიც საქართველოში თებერვალში შემოვიდა და არსებული კონფლიქტის გამო, ჯერჯერობით, აქ რჩება. ვფიქრობ, ეს ტალღა არ შეჩერდება", - განაცხადა ევა ბოჭორიშვილმა.

მისივე თქმით, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის გამო ტურიზმის აღდგენის პროგნოზი Galt&Taggart-მა შეამცირა.

„ჩვენ წლის დასაწყისში ვვარაუდობდით, რომ 2019 წელთან შედარებით, ტურიზმი წელს 85%-ით აღდგებოდა. ახლა ეს რიცხვი შემცირებულია და ტურიზმის ზრდასთან დაკავშირებით ორი პროგნოზი გვაქვს: ყველაზე პესიმისტური სცენარით 60%-იან აღდგენას ველოდებით, ეს არის დაახლოებით $2 მილიარდის შემოსავალი, მაშინ როცა შარშან $1,2 მილიარდის შემოსავალი მიიღო ქვეყანამ; უფრო პოზიტიური სცენარით, 65%-იან აღდგენას ვვარაუდობთ და ეს არის, დაახლოებით, 2.3 მილიარდი დოლარის შემოსავალი", - აღნიშნა ბოჭორიშვილმა.

მან აქვე ისიც აღნიშნა, რომ გაურკვეველი სიტუაციის გამო Galt&Taggart-ს პროგნოზების კორექტირება მთელი წლის განმავლობაში მოუწევს.

TOP-15 ქვეყანა, საიდანაც თებერვალში ყველაზე მეტი ვიზიტორი ჩამოვიდა

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები