მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

GALT&TAGGART-ის ანალიტიკოსი სექტემბერში შაქრის იმპორტის გაზრდას რთველის პერიოდით ხსნის

5db804d4e9819
ლიკა გურაბანიძე
02.11.19 16:13
1401
Galt&Taggart-ის კვლევების დეპარტამენტის უფროსის ევა ბოჭორიშვილის შეფასებით, მიმდინარე წლის სექტემბერში ქვეყანაში იმპორტის ზრდაზე გავლენა რამდენიმე პროდუქტმა მოახდინა, რომელთა შორისაა ნავთობის, გაზის და შაქრის იმპორტის გაზრდა.

როგორც „საქმიან დილაში“ სტუმრობისას ბოჭორიშვილმა განაცხადა, 9 თვეში, ჯამურად, საქართველოს სავაჭრო დეფიციტი 12%-ითაა შემცირებული, რადგან წლის განმავლობაში ექსპორტი 11%-ით გაიზარდა, ხოლო იმპორტი 3%-ით შემცირდა.

ამასთან, Galt&Taggart-ის ანალიტიკოსმა საგარეო ვაჭრობის ანალიზისას ხაზი გაუსვა იმას, რომ სექტემბერში - ბოლო ერთ წელიწადში პირველად, სავაჭრო დეფიციტი გაიზარდა.

„შარშან ოქტომბრის მერე, წელს სექტემბერში, პირველად დაფიქსირდა სავაჭრო დეფიციტის ზრდა. რა მოხდა სექტემბერში განსაკუთრებული? - ერთი ის, რომ ექსპორტი გაიზარდა შედარებით დაბალი ტემპით - 0.5%-ით, იმპორტი კი - 4%-ით. შესაბამისად, სავაჭრო დეფიციტი დაახლოებით, 7%-ით გაიზარდა.

ექსპორტის შედარებით ნელი ტემპით ზრდის ფაქტორებს შორის გამოვყოფდი იმას, რომ სპილენძის ექსპორტია შემცირებული. ამასთან, ძირითადი საქონელი, რომელიც მნიშვნელოვნად გაიზარდა, ეს იყო მანქანების რეექსპორტი და ღვინის და თხილის ექსპორტიც. ასევე გამოვყოფდი იმას, რომ სექტემბერში ჩვენი ნომერ პირველი საექსპორტო ბაზარი სომხეთი იყო.

რაც შეეხება იმპორტის ზრდის მიზეზებს, ძირითადად, სამმა კატეგორიამ მოახდინა იმპორტზე გავლენა. ესაა ნავთობის და გაზის იმპორტის ზრდა და ასევე, გაზრდილია შაქრის იმპორტი, რომელიც ალბათ, ტრადიციულად, რთველის პერიოდს უკავშირდება”, - განაცხადა ევა ბოჭორიშვილმა.

ცნობისთვის: bm.ge საქსტატიდან გამოითხოვს შაქრის იმპორტის სტატისტიკას თვეების და წლების მიხედვით, რომელსაც მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.

შეგახსენებთ: 2019 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 9 193.7 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 0.5%-ით მეტია. აქედან ექსპორტი 2 719.2 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს (11.1 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 6 474.5 მლნ. აშშ დოლარს (3.3 პროცენტით ნაკლები). საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა, 2019 წლის იანვარ-სექტემბერში, 3 755.3 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 40.8%-ია.


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები