Galt and Taggart-მა იანვარ-ივლისში დაფიქსირებული მოსალოდნელზე ძლიერი ზრდის გათვალისწინებით, 2024 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 1%-ით 8%-მდე გაზარდა.
კვლევითი ორგანიზაცია, ყოველკვირეულ მიმოხილვაში საქართველოს ეკონომიკურ პარამეტრებს მიმოიხილავს.
ეკონომიკური ზრდა: საქსტატის წინასწარი მონაცემებით, 2024 წლის ივლისში რეალური მშპ 13.0%-ით გაიზარდა, წინა თვეში დაფიქსირებული 7.5%-იანი ზრდის შემდეგ. ჯამურად, 2024 წლის იანვარ-ივლისში საქართველოს ეკონომიკა წლიურად 9.7%-ით გაიზარდა. ივლისში ეკონომიკის ზრდა ძირითადად განაპირობა მშენებლობის, დამმუშავებელი მრეწველობის, ინფორმაცია და კომუნიკაციების, პროფესიული და სამეცნიერო საქმიანობების და ვაჭრობის დარგებმა. ამასთან, კლება დაფიქსირდა მხოლოდ ენერგეტიკის დარგში.
საბანკო სექტორი: კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხები წლიურად 19.6%-ით გაიზარდა 2024 წლის ივლისში, წინა თვის 21.2%-იანი ზრდის შემდეგ და საკრედიტო პორტფელმა 57.1 მლრდ ლარი შეადგინა. ამასთან, გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, ივლისში სესხების პორტფელის წლიურმა ზრდამ 18.3% შეადგინა (+0.9% თ/თ). სექტორების მიხედვით, კორპორატიული დაკრედიტება კურსის ეფექტის გამორიცხვით წლიურად 20.5%-ით გაიზარდა, ხოლო საცალო დაკრედიტების წლიური ზრდა 16.5% იყო; 2024 წლის ივლისში სესხების დოლარიზაცია 44.2%-მდე შემცირდა.
ეროვნულმა ბანკმა ივლისში 1.9 მლნ აშშ დოლარი შეისყიდა მაღალი სავალუტო შემოდინების ფონზე
სებ-მა 2024 წლის ივლისში 1.9 მლნ აშშ დოლარი შეისყიდა BMatch-ის პლატფორმის გამოყენებით. ჯამურად, 2024 წლის იანვარ-ივლისში, სებ-ის წმინდა შესყიდვამ 68.8 მლნ აშშ დოლარი შეადგინა (შეისყიდა 288.5 მლნ აშშ დოლარი, ხოლო გაყიდა 219.8 მლნ აშშ დოლარი).