მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გალუზინმა ღვინის კიდევ ორი ქართული კომპანიის დასანქცირება დააანონსა - ზურაბაშვილი

გალუზინი ზურაბაშვილი

რუსეთი ღვინის კიდევ ორი ქართული კომპანიის დასანქცირებას გეგმავს. ამის შესახებ რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა, საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი ზურაბაშვილმა „იმედის“ ეთერში რუსეთის წარმომადგენელ მიხეილ გალუზინთან მისი პირველი შეხვედრის შინაარსსა და შედეგებზე საუბრისას განაცხადა.

ზურაბაშვილის განცხადებით, ამ შეხვედრაზე მისი მთავარი მიზანი მოსკოვის მიერ ღვინის შვიდი ქართული კომპანიისთვის დაწესებული შეზღუდვების საკითხის განხილვა და ქართული ღვინის რუსეთის ბაზარზე დაბრუნება იყო.

როგორც პრემიერის სპეცწარმომადგენელმა აღნიშნა, მას ჰქონდა მოლოდინი, რომ შეზღუდვები იქვე მოიხსნებოდა, თუმცა ამის ნაცვლად გალუზინმა დამატებით ორი ქართული კომპანიის დასანქცირების განზრახვა გააცნო.

ზურაბაშვილის განცხადებით, იგი ამ სიახლით "გაოცებული და გაოგნებული" იყო. პრემიერის სპეცწარმომადგენლის შეფასებით, ქართული კომპანიების მიმართ რუსეთის ბრალდებები სრულიად უსაფუძვლოა და შესაბამისად, აქ საქმე პოლიტიკურ საკითხთან გვაქვს.

"ნაცვლოდ იმისა, რისი მოლოდინიც მე მქონდა - რომ სანქციები და შეზღუდვები იქვე მოიხსნებოდა, ბატონმა გალუზინმა მაცნობა, რომ აპირებენ კიდევ ორი ქართული ღვინის კომპანიის დასანქცირებას. რა თქმა უნდა, მე ვიყავი გაოცებული და გაოგნებული ამ სიახლეებით, რადგან ბრალდებები აბსოლუტურად უსაფუძვლო და არარელევანტურია. გალუზინმა ვერცერთი ფაქტი ვერ დამიდო ვერც პროდუქციის ხარისხთან მიმართებით, ვერც იმ ბრალდებებთან დაკავშირებით, რასაც ჰქვია [ღვინის ქართული კომპანიების მიერ] უკრაინის ომის დაფინანსება ან ანტირუსული პროპაგანდა. ქართულ ღვინოს მაღალი რეპუტაცია, ხარისხი, საერთაშორისო სერტიფიკატები და ლიცენზიები აქვს, ამიტომ ხარისხზე აპელირებას საფუძველი არ გააჩნია. რაც შეეხება ანტირუსულ პროპაგანდას, ესეც აბსოლუტურად უსაფუძვლოა, მსგავსი არაფერი ხდება. ასე, რომ ეს არის პოლიტიკური საკითხი, რომელსაც არავითარი საფუძველი არ გააჩნია“, - აღნიშნა "იმედის'' ეთერში პრემიერის სპეცწარმომადგენელმა.

ცნობისთვის: 10 ოქტომბერს რუსულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია რუსეთის ბაზარზე შვიდი ქართული კომპანიის პროდუქციის აკრძალვის შესახებ. ჩამონათვალში დასახელდნენ „ნაბეღლავი“, „კოკა-კოლა“, „თელიანი ველი“, „თბილღვინო“, „ვაინმენი“, „ასკანელი ძმები“ და „ქართული ლუდის კომპანია“.

ამის შემდეგ, 27 ოქტომბერს პრორუსული პარტიის სოლიდარობა მშვიდობისთვის” ლიდერმა, რუსეთში მოღვაწე ბიზნესმენმა მამუკა ფიფიამ bm.ge-სთან თქვა, რომ რუსეთმა სასმელის შეტანა კიდევ 3 კომპანიას შეუზღუდა.

რაც შეეხება ზურაბაშვილი-გალუზინის პირველ შეხვედრას, რომელიც 19 ნოემბერს რუსეთის მოკავშირე ბელორუსის დედაქალაქ მინსკში რუსეთ-საქართველოს განახლებული პირდაპირი დიალოგის ფარგლებში გაიმართა, ადგილის გარდა, მას "აბაშიძე-კარასინის" პრაღის შეხვედრების ფორმატისგან ის მნიშვნელოვანი დეტალიც განასხვავებს, რომ ქართული მხარის წარმომადგენელს პრემიერის სპეცწარმომადგენლის სტატუსის გარდა, საქართველოს ხელისუფლებაში ოფიციალური თანამდებობაც უკავია - კერძოდ, საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილეა. ამასთან დაკავშირებით ხელისუფლების ოპონენტები ამ ფორმატს საქართველოს ტერიტორიების ოკუპანტ სახელმწიფოსთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის წინაპირობად აფასებენ. აღსანიშნავია, რომ თავად რუსეთში ეს "დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენადაც" კი შეფასდა - შესაბამისი განცხადება ზურაბაშვილი-გალუზინის შეხვედრის შემდეგ რუსეთის საგარეო პოლიტიკური უწყების ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ გააკეთა.

ამასთან, რუსული მხარის ინფორმაციით, მხარეებმა „სიღრმისეულად განიხილეს ორმხრივ ურთიერთობებთან დაკავშირებული აქტუალური საკითხები“, მათ შორის - უსაფრთხოების თემები, რაც მანამდე პირდაპირი დიალოგის ფარგლებში განსახილველ თემებს შორის არ ყოფილა და ჟენევის დისკუსიების ფორმატს განეკუთვნებოდა.

შეხვედრის მასპინძელი ბელორუსის საგარეო პოლიტიკური უწყების ხელმძღვანელმა მაქსიმ რიჟენკოვმა კი მინსკში ქართულ-რუსული დიალოგის გაგრძელება დააანონსა. 19 ნოემბრის შემდეგ განვლილი დღეების განმავლობაში ეს ინფორმაცია არც თბილისს დაუდასტურებია, არც მოსკოვს.

თუმცა როგორც ახლა "იმედის" ეთერში გიორგი ზურაბაშვილმა განაცხადა, პირველ შეხვედრაზე რუსული მხარის მიერ დაფიქსირებული პოზიციის "გამაოცებლობისა და გამაოგნებლობის" მიუხედავად, დიალოგის გაგრძელება აუცილებელია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები