პრემიერ-მინისტრი, „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი, ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ მმართველმა პარტიამ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში შთამბეჭდავი გამარჯვება მოიპოვა და დაახლოებით 1 120 000 ხმა მიიღო.
"ქართული ოცნების" ოფისში გამართულ ბრიფინგზე კობახიძემ ამომრჩევლებს და საარჩევნო კამპანიაში ჩართულ ადამიანებს მადლობა გადაუხადა და თქვა, რომ ქართველმა ხალხმა ერთადერთი უალტერნატივო არჩევანი გააკეთა.
"ეს იყო გადამწყვეტი არჩევნები ჩვენი ქვეყნისთვის, სადაც წყდებოდა ჩვენს ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნების ბედი და საბოლოო ჯამში, ქართველმა ხალხმა გააკეთა ერთადერთი უალტერნატივო არჩევანი. მინდა მადლობა გადავუხადო კიდევ ერთხელ ქართველ ხალხს, ამომრჩეველს იმისთვის, რომ მთელი ამ წლების განმავლობაში იდგა ჩვენს გვერდით, ყველაზე რთულ წუთებშიც და ამ მნიშვნელოვან წუთებშიც, ქართველი ხალხი დადგა ჩვენს გვერდით. ასევე მინდა მადლობა გადავუხადო თითოეულ ადამიანს, რომელიც ჩვენს საარჩევნო კამპანიაში იყო ჩართული. ქვეყნის მასშტაბით 73 საარჩევნო შტაბი იყო შექმნილი და უამრავი ადამიანი იყო ჩართული აგიტაციაში, ამომრჩეველთა მობილიზებაში.
ჩვენ მთლიანობაში დაახლოებით 1 120 000 ხმა მივიღეთ, რაც არის რეკორდული მაჩვენებელი 2012 წლის შემდეგ. ჩვენ საზოგადოებას ვეუბნებოდით, რომ ეს იყო რეფერენდუმის ტოლფასი არჩევნები და თავისი მნიშვნელობით 2012 წლის არჩევნების ტოლფასი. ეს გზავნილი ზუსტად მივიდა ამომრჩევლამდე და სწორედ ამას უკავშირდება ეს უპრეცედენტო აქტივობა.
გამარჯვება არის ძალიან შთამბეჭდავი. ჩვენ მეორე ადგილზე გასულ პარტიასთან სხვაობა გვაქვს 43%, 5-ჯერ ჩამოგვრჩება",- თქვა კობახიძემ.
ცნობისთვის, ცესკოს მონაცემებით, 10:30 საათისთვის, ამომრჩეველთა 99.64%-ის ხმები ასე ნაწილდება:
- "ქართული ოცნება" - 54.08%
- "კოალიცია ცვლილებებისთვის" გვარამია, მელია, გირჩი, დროა - 10.92%
- "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა" - 10.12%
- "ძლიერი საქართველო" - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის - 8.78%
- "გახარია საქართველოსთვის" - 7.76%