მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დღეიდან განვაახლებთ მუშაობას, რომ ქვეყანას წინსვლა მოვუტანოთ - ირაკლი კობახიძე

ირაკლი კობახიძე ბიძინა ივანიშვილი

პრემიერ-მინისტრი, „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი, ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ქვეყანაში მშვიდობის ბედი გადაწყდა და მშვიდობა უპრეცედენტო განვითარებას მოიტანს მომდევნო 4 წელში.

მან დღეს გამართულ ბრიფინგზე იმ პროგრესზე ისაუბრა, რასაც მისი მტკიცებით ქვეყანა "ქართული ოცნების" პროგრამის განხორციელების საფუძველზე, 4 წლის თავზე მიიღებს.

"მინდა ყველას მივულოცო, არა მხოლოდ იმ 1 120 000 ადამიანს, რომლებმაც ხმა მისცა „ქართულ ოცნებას“, არამედ საქართველოს ყველა პატრიოტ მოქალაქეს, იქიდან გამომდინარე, რომ სწორედ მშვიდობის ბედი გადაწყდა საქართველოსთვის ამ არჩევნებზე და მშვიდობის მოსარგებლე იქნება საქართველოს უკლებლივ ყველა მოქალაქე. მშვიდობას მოაქვს განვითარება და ჩვენ უკვე დღეიდან განვაახლებთ ყოველდღიურ მუშაობას იმისათვის, რომ ქვეყანას მოვუტანოთ ის წინსვლა, რაზეც ჩვენს საარჩევნო პროგრამაში იყო საუბარი.

მშვიდობის პირობებში, ჩვენი პროგრამის განხორციელების საფუძველზე, 4 წლის თავზე, საქართველო იქნება განვითარების სრულიად სხვა დონეზე. ამ 4 წელიწადში ჩვენი ეკონომიკა გაიზარდა 50 მილიარდიდან 90 მილიარდ ლარამდე, თუმცა ჩვენ გვაქვს უფრო ამბიციური მიზნები და ვფიქრობთ, რომ მომდევნო 4 წელიწადში აუცილებლად გაიზრდება 130 მილიარდ ლარამდე, 40 მილიარდს გადააჭარბებს ჩვენი ბიუჯეტი 4 წლის თავზე, 3 500 ლარს გადააჭარბებს საშუალო ხელფასი, 4%-ს ჩამოსცდება უმუშევრობა და სიღარიბე, დასრულდება ავტობანის პროექტები, ახალი აეროპორტი, ანაკლიის პორტი, ახალი უნივერსიტეტები, ასობით ახალი სკოლა და საბავშვო ბაღი გვაქვს ასაშენებელი. ამ ყველაფერზე უკვე დღეიდან განვაახლებთ მუშაობას და ამ სიკეთით საქართველოს თითოეული მოქალაქე ისარგებლებს",- თქვა კობახიძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები