მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"გამარტივდეს აფხაზეთიდან უცხო ქვეყნებში წასული პირებისთვის მოქალაქეობის მინიჭება" - დევნილთა საინიციატივო ჯგუფი

საქართველოს მოქალაქეობა

დევნილთა საინიციატივო ჯგუფი სახელმწიფო უწყებებს, მათ შორის, პარლამენტს მიმართავს. დევნილების მიერ გაგზავნილ წერილში ოკუპირებული აფხაზეთიდან უცხო ქვეყნებში იძულებით წასული პირებისთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების გამოწვევებზეა საუბარი.  

“საქართველოს მოქალაქეობის მიღებაზე, ხშირ შემთხვევაში, კომისია მათ უარს ეუბნება, მათაც კი, ვინც გამოცდებს წარმატებით აბარებს. ვთვლით, რომ საქართველოს პარლამენტმა უნდა იმსჯელოს საქართველოს ორგანულ კანონში ”საქართველოს მოქალაქეობის შესახებ”  ცვლილებების შეტანაზე, რათა გამარტივებული იყოს საქართველოს მოქალაქეობის მიღება ოკუპირებული ტერიტორიებიდან წასული მოქალაქეებისთვის”, - წერია მიმართვაში. 

დევნილთა საინიციატივო ჯგუფი ითხოვს, ორგანულ კანონში გარკვეული ცვლილებები შევიდეს. კერძოდ, განმცხადებლისთვის ქართული ენის, ისტორიისა და სამართლის გამოცდების ჩაბარება სავალდებულო არ იყოს; კომისიის შემადგენლობაში დაინიშნოს 2 წევრი, რომლებისგანაც ერთი აფხაზეთიდან, ერთი კი სამაჩაბლოდან იქნება. 

“მე-17 მუხლიდან ამოღებულ იქნეს პუნქტი, რომელიც ავალდებულებს სხვა ქვეყნის მოქალაქეს საქართველოს მოქალაქეობის მიღებისათვის სამი გამოცდის (ქართული ენა,ისტორია და სამართალი) ჩაბარებას, მაშინ, როცა განმცხადებელი არის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირი.

2.24-ე მუხლი, სადაც სააგენტოს კომისიის შემადგენლობაზეა საუბარი, იყოს შემდეგი ჩანაწერი: კომისიის შემადგენლობაში დაინიშნოს 2 წევრი, რომლებისგანაც 1 იქნება აფხაზეთიდან და 1 სამაჩაბლოდან, ისინი გასაუბრებაში მონაწილეობას მიიღებენ მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ მოქალაქეობის მიღებასთან დაკავშირებით განმცხადებელი არის აფხაზეთიდან ან სამაჩაბლოდან.

3.29-ე მუხლი… ამ მუხლში უნდა ჩაიწეროს, ის რომ საქართველოს პრეზიდენტმა წერილობით უნდა გასცეს მოქალაქეობის მიღებასთან დაკავშირებულ განცხადებაზე პასუხი, რომელსაც ექნება ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტის სტატუსი და გასაჩივრდება სასამართლოში”, - წერია მიმართვაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები