მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გამარტივებული შესყიდვა ტენდერის პარალელურად - მთავრობა ერთ სახანძრო ავტომობილში ₾1.2 მლნ-ს იხდის

6429c8f700c14
ნინო ტაბატაძე
03.04.23 00:05
1392
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური კურორტი ბახმაროსთვის ტყის ხანძრებისათვის საჭირო ერთ სახანძრო ავტომობილს გამარტივებული შესყიდვით შეიძენს, რისთვისაც 1 187 452 ლარი დაიხარჯება.

პარალელურად, უწყებას ტყის ხანძრებისათვის საჭირო სპეცავტომობილების შესაძენად ტენდერიც აქვს გამოცხადებული, რომელშიც ამ დროისთვის მხოლოდ ერთი კომპანია მონაწილეობს.

კომპანიამ ხელშეკრულების გაფორმებიდან სახანძრო ავტომობილების მიწოდება 12 თვეში უნდა უზრუნველყოს. გამარტივებული შესყიდვების ხელშეკრულებაში კი, ნათქვამია, რომ ბაზარზე არსებული დეფიციტის და მიწოდების ხანგრძლივი ვადების გამო, შეუძლებელი იყო განსხვავებული ვადების დაწესება. ამასთან, 2023 წლის 15 მარტს ცნობილი გახდა, რომ შესაძლებელია შესყიდული იქნას ერთი ერთეული სახანძრო ავტოსატრანსპორტო საშუალება.

„მწარმოებელი კომპანიის განმარტებით, თუ უახლოეს მომავალში არ იქნება შესყიდული ავტოსატრანსპორტო საშუალება, მაშინ კომპანია იძულებული იქნება სხვა ორგანიზაციას მიყიდოს აღნიშნული ავტოსატრანსპორტო საშუალება“, - ნათქვამია საგანგენო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ შესყიდვების სააგენტოში წარდგენილ დოკუმენტაციაში.

დოკუმენტაციაში ასევე აღნიშნულია, რომ ახალი სახანძრო ავტომობილი განკუთვნილი იქნება კურორტ ბახმაროსთვის.

“ვინაიდან ახლოვდება ტურისტული სეზონი, ვითარდება კურორტი ბახმარო, შესაბამისად, იზრდება ხანძრის გაჩენის რისკები და სახანძრო-სამაშველო ვითარების დროს, რთული რელიეფის მქონე გეოგრაფიულ არეალში შეუძლებელია ერთდროულად ორ სხვადასხვა ლოკაციაზე გაჩენილი ხანძრის დროული ლიკვიდირება, მითუმეტეს იმის გათვალისწინებით, რომ კურორტი ბახმარო ჩოხატაურიდან დაშორებულია 50 კმ-ზე მეტი მანძილით, აღნიშნულიდან გამომდინარე დღის წესრიგში დადგა საკითხი დამატებით ერთი ერთეული მაღალი გამავლობის ტყის ხანძრებისთვის განკუთვნილი სახანძრო-სამაშველო ავტოსატრანსპორტო საშუალების შესყიდვის აუცილებლობის შესახებ დროის უმოკლეს ვადებში (ზაფხულის სეზონამდე), რომელიც გამოყენებულ იქნება არა მხოლოდ ტყის ხანძრების ქრობის მიმართულებით, არამედ, სხვადასხვა სამაშველო ოპერაციებში, მისი შემადგენელი აღჭურვილობის მეშვეობით“, - აღნიშნულია დოკუმენტაციაში. 

აღსანიშნია, რომ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს ტყის ხანძრებისათვის განკუთვნილი მაღალი გამავლობის 10 ერთეული (ახალი, არამეორადი) სახანძრო ავტოსატრანსპორტო საშუალების შესასყიდად ტენდერი აქვს გამოცხადებული. ტენდერში 2 კომპანია მონაწილეობდა: „თეგეტა თრაქ ენდ ბასი“ და „ჯი თი გრუპი“. „ჯი თი გრუპის“ შეთავაზება 9.2 მლნ ლარს შეადგენს. ამჟამად, შერჩევის პროცედურები მიმდინარეობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები