მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„გამართულ დემოკრატიაში წესები ყველას უნდა ესადაგებოდეს“ - ჰარცელი დეოლიგარქიზაციაზე

62c9be301bf8d
თელარა გელანტია
10.07.22 00:10
759
“ევროკომისიის გადაწყვეტილებას თუ შევხედავთ და მათ შორის დასახულ პრიორიტეტებს, ცხადია, რომ მიზანი სისტემურ გამოწვევებთან გამკლავებაა და არა ინდივიდუალურ პირებთან”, - ასე უპასუხა ევროკავშირის ელჩმა საქართველოში კარლ ჰარცელმა „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში ჟურნალისტ ია მეურმიშვილის კითხვას - რას ნიშნავს და ვის ეხება ევროკომისიის ჩანაწერში დეოლიგარქიზაცია.

„ჩემი აზრით, ევროკომისიის გადაწყვეტილებას თუ შევხედავთ და მათ შორის დასახულ პრიორიტეტებს, ცხადია, რომ მიზანი სისტემურ გამოწვევებთან გამკლავებაა და არა ინდივიდუალურ პირებთან. მსგავსი შეხედულება ასახულია უკრაინის და მოლდოვის შემთხვევაშიც, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ეს გაცილებით ფართო ფენომენია, რომელიც რეგიონის გამოწვევების ნაწილს წარმოადგენს. საბოლოოდ, უნდა ვთქვათ, რომ გამართულ დემოკრატიასა და საბაზრო ეკონომიკაში წესები ყველას უნდა ესადაგებოდეს, მნიშვნელოვანია, რომ არასაჭირო ინტერესებს, იქნება ეს პოლიტიკური, თუ ეკონომიკური ხასიათის ბალანსზე რაიმეს სახის გავლენის მოხდენის საშუალება არ მიეცეს.

პასუხისმგებლობის დიდი წილი მოდის ძლიერ ინსტიტუტებზე. უნდა არსებობდეს იმედი, რომ მათ საკუთარი მანდატის შესრულება კანონის უზენაესობის სრული დაცვით შეუძლიათ. ეს არის ფუნდამენტი იმ ყველაფრისა, რაზეც საუბარია. უკრაინის, მოლდოვის და საქართველოსთვის შემდგომი ნაბიჯი შესაძლოა განსხვავებულად გამოიყურებოდეს“, - თქვა ელჩმა.

ამასთან, კარლ ჰარცელის თქმით, მას მოეწონა სამოქალაქო საზოგადოების გეგმა, სადაც აღნიშნულია, რომ 11 პრიორიტეტის განხორციელება გარკვეულწილად ხელს შეუწყობს ოლიგარქიული გავლენების შემცირებას.

„გეგმაში, რომელიც სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებმა წარმოადგინეს, რაც ძალიან მომეწონა იყო ის, რომ ისინი ამბობდნენ რეალურად დანარჩენი 11 პრიორიტეტის განხორციელება გარკეულწილად ხელს შეუწყობს ოლიგარქიული გავლენების შემცირებას. თუ ეს პრიორიტეტები წარმატებით შესრულდა, ამას ასევე სხვადასხვა მიმართულების პოლიტიკური და ეკონომიკური ზემოქმედების რისკების შემცირებაზე გავლენა ექნება. ჩემი აზრით, ეს დისკუსიის კარგი საწყისი წერტილია, რის შემდეგაც უნდა მოხდეს განხილვა და შემდეგი ნაბიჯების განსაზღვრა“, - განაცხადა ჰარცელმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები