საქართველოს მთავრობის რეგლამენტი ირაკლი ღარიბაშვილის ადმინისტრაციას ავალდებულებს, მთავრობის მიერ მიღებული განკარგულებები, გარდა სახელმწიფო საიდუმლოებას მიკუთვნებული საკითხებისა, მიღებიდან ვებგვერდზე არა უგვიანეს 3 დღისა, ატვირთოს. მიუხედავად ამისა, უკვე სამი წელია, მთავრობა განკარგულებებს არ ასაჯაროებს და კანონს არღვევს.
პარლამენტის “ქართული ოცნების” დეპუტატი, ნინო წილოსანი BMG-სთან აცხადებს, რომ მთავრობის მხრიდან განკარგულებების არ გასაჯაროების შესახებ ინფორმაციას არ ფლობს, თუმცა ამბობს, რომ ყველა უწყება გამჭვირვალე უნდა იყოს.
“ყველა ის ვალდებულება, რომელიც გამჭვირვალობასთან დაკავშირებით გვაქვს აღებული, პარლამენტის მხრიდან მაქსიმალურად დაცულია. შესაბამისად, გამჭვირვალობასთან დაკავშირებით გაცხადებული პრინციპი, ყველა სტრუქტურის მხრიდან უნდა იყოს შესრულებული”, - განაცხადა ნინო წილოსანმა.
ამასთან, აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეს, DCFTA-ის 6 თვის შესრულების ანგარიშზე ჰკითხა, dcfta.gov.ge-ზე უწყება DCFTA-ის მიმართულებით შესრულებული ღონისძიებების ანგარიშს 2021 წლის შემდეგ რატომ არ აქვეყნებს. გენადი არველაძის თქმით, გვერდი ყოველთვიურად ახლდება და დეპუტატს უთხრა, ხარვეზების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდოს.
"არაჩვეულებრივი ონლაინ პლატფორმა არსებობს, სადაც თავმოყრილია ინფორმაცია ვალდებულებების შესრულების, საკანონმდებლო აქტების და ა.შ. შესახებ. დეტალურად მოვიკვლიეთ რა ხარვეზები შეიძლება იძებნებოდეს ამ ონლაინ პლატფორმის მიმართულებით. დღეს ჩემი მხრიდან მინისტრის მოადგილესთან გავაჟღერე საკითხი, რომ მეტად პროაქტიურად იყოს ინფორმაცია გაჟღერებული, რადგან საიტზე რიგი ინფორმაციები 2021 წლის შემდეგ აღარ იძებნება. ამაზე სამინისტროს მივაწოდებთ დეტალურ ინფორმაციას, რომ პროცესი, რომელიც გამჭვირვალობასა და ინფორმაციის მაქსიმალურად მიწოდებას გულისხმობს, კარგად შესრულებული იყოს”, - აღნიშნა ნინო წილოსანმა.