მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკა განვითარებად ქვეყნებს საკრედიტო საფრთხეს უქმნის - მსოფლიო ბანკი

643fd5062bcc7
გიორგი არონია
20.04.23 00:30
722

გლობალური ფინანსური ინსტიტუტების ხელმძღვანელები მიუთითებენ, რომ მსოფლიოს გარშემო გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკა, ანუ საგარეო ვალზე გაზრდილი საპროცენტო განაკვეთები განვითარებად ქვეყნებს საკრედიტო საფრთხეს უქმნის, - ამის შესახებ CNBC წერს.

გამოცემის მტკიცებით, ფინანსური გარემო, რომელიც მსოფლიოში სხვადასხვა ტიპის რამდენიმე კრიზისმა წარმოშვა, დაბალშემოსავლიანი ქვეყნების თითქმის ორ მესამედს რისკის ზონაში ამყოფებს. საქმე ისაა, რომ საგარეო ვალის გადახდა ბევრ ამ სახელმწიფოს მომავალი რამდენიმე წლის განმავლობაში უწევს და გაზრდილი საპროცენტო განაკვეთები ნიშნავს იმას, რომ დაბალშემოსავლიან ქვეყნებს ვალდებულების მართვა გაუძვირდებათ.

ამ პრობლემასთან გასამკლავებლად საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებმა არაერთი ინდივიდუალური და ერთობლივი პროექტი შექმნეს. ერთ-ერთი ასეთი ინივიატივა საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ერთობლივი ჩარჩო-პროექტია, რომლის მიზანს დაბალშემოსავლიან სახელმწიფოებში მდგრადი საჯარო ვალდებულების აღების პრაქტიკის დანერგვა წარმოადგენს. კიდევ ერთი ასეთი ინიციატივა “დიდი ოცეულის” ქვეყნებს და ე.წ. “პარიზის კლუბს” ეკუთვნით, რომლებიც არამდგრადი საკრედიტო ვალდებულებების მქონე სახელმწიფოებს გრანტებს სთავაზობენ. დღემდე, ამ პროგრამით ოთხმა სახელმწიფომ ისარგებლა, ესენია: ჩადი, ეთიოპია, ზამბია და განა.

მზარდ საპროცენტო განაკვეთებსა და შენელებულ ეკონომიკურ ზრდას შორის არსებულ დისბალანს გამოეხმაურა მსოფლიო ბანკის მმართველი დირექტორი, აქსელ ვან ტროტსენბურგი. როგორც ბანკირმა CNBC-სთან საუბრისას აღნიშნა, საფინანსო ინსტიტუტებსა და სახელმწიფოებს შორის თანამშრომლობა, ასეთ დროს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. “ვფიქრობ, უნდა ავღელდეთ. მსოფლიოს ეკონომიკის ზრდა სუსტია, რაც, თავისთავად, პრობლემებს აჩენს, მაგრამ ამასთან, გაზრდილი საპროცენტო განაკვეთები ნიშნავს იმას, რომ განვითარებადი ქვეყნებიდან დიდი მოცულობით კაპიტალი გადის, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ინვესტიციებისთვის - ამგვარად, განვითარებადი სახელმწიფოები საფრთხის წინაშე დგანან”. ტროტესენბურგის შეფასებით, ეს პრობლემა ყველაზე მწვავედ ყველაზე ღარიბ სახელმწიფოებში იგრძნობა, რადგან კაპიტალის მოზიდვა მათ ისედაც ყველაზე მეტად უჭირთ.

პრობლემის გადაჭრის გზად მსოფლიო ბანკის მმართველი დირექტორი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებსა და განვითარებად ქვეყნებს შორის გაზრდილ სოლიდარობაში ხედავს. როგორც აქსელ ვან ტროტსენბურგი ამბობს, ეს სოლიდარობა გამოხატული უნდა იყოს არა მხოლოდ სიტყვებით, არამედ გაზრდილი ფინანსური რესურსებითაც.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები