პოლონეთმა სამუშაო ვიზების გაცემა გაამკაცრა, - ამის შესახებ BMG-ის პოლონეთის საელჩოში უპასუხეს. საქმე ის არის, რომ BMG-ის რამდენიმე მოქალაქემ ინფორმაცია მიაწოდა, რომ საქართველოს მოქალაქეებისთვის პოლონეთის სამუშაო ვიზის გაცემა გამკაცრდა. საკითხზე დიპლომატიურ უწყებაში აცხადებენ, რომ პოლონეთის სამუშაო და სტუდენტური ვიზები ხშირად სხვა მიზნებისთვის გამოიყენება, რის გამოც ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრომ სავიზო სისტემის გამკაცრების მიზნით, შესაბამისი გაიდლაინები მიიღო.
"უმაღლესი აუდიტის სამსახურის მიერ ჩატარებული შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ პოლონეთის სამუშაო და სტუდენტური ვიზები ძალიან ხშირად სხვა მიზნებისთვის გამოიყენება, რაც მითითებულ მიზანს არ შეესაბამება. კერძოდ, ბევრი ადამიანი, ვინც სამუშაო ვიზა მიიღო, დამსაქმებლამდე არასდროს მისულა. შესაბამისად, საგარეო საქმეთა მინისტრმა, 2024 წლის 31 ივლისს, სავიზო სისტემის გამკაცრებისა და სავიზო პროცედურების უნიფიცირების მიზნით, შესაბამისი გაიდლაინები გამოსცა.
ეს მოქმედებები აუცილებელია მიგრაციის პროცესებზე სახელმწიფო კონტროლის აღსადგენად, განსაკუთრებით, მარეგულირებელი ორგანოებისა და მედიის მიერ გამოვლენილი დარღვევების კონტექსტში. საგარეო საქმეთა სამინისტრო უახლოეს თვეებში შეაფასებს გაიდლაინების გამოყენების პრაქტიკას და შედეგებს. ამის საფუძველზე მიიღება გადაწყვეტილება შემდგომი ცვლილებებისა და ახალი მიგრაციული პოლიტიკის დანერგვის შესახებ", - აღნიშნულია განცხადებაში.