მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გამოძიება ყველაფერს დაადგენს და ვისაც ბრალი მიუძღვის, პასუხს აგებს - კალაძე წყნეთში მომხდარ ტრაგედიაზე

64ae668817d8f
ინგა მურუსიძე
12.07.23 12:38
1249
თბილისის მთავრობის სხდომა დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ წყნეთში, უბედური შემთხვევის შედეგად გარდაცვლილი 15 წლის დათუნა ჟღენტისთვის წუთიერი დუმილით დაიწყო. როგორც მერმა აღნიშნა, შემთხვევის ადგილას ე.წ. ფანჩატურში ელექტროხაზის დაერთებაზე მუნიციპალიტეტის მხრიდან არანაირი ნებართვა არ ყოფილა გაცემული.

„ძალიან მძიმე ტრაგედია და დიდი უბედურება მოხდა წყნეთში. მთელი გულით ვუსამძიმრებ მოზარდის ოჯახს. ძალიან მძიმეა ამ ყველაფერზე საუბარი, სიტყვების მოძებნაც კი. პირველადი მონაცემებით, ბავშვის გარდაცვალების მიზეზად სახელდება ფანჩატურში თვითნებურად, კუსტარულად დამონტაჟებული ელექტრომოწყობილობა. ყველამ უნდა იცოდეს, რომ ნებისმიერი კუსტარული დაერთება, თვითნებობა არის უკანონობა. არავის აქვს უფლება სპეციალისტების ჩართულობის გარეშე აწარმოოს მსგავსი ტიპის სამუშაო.

მე არ მინდა წინასწარ რაიმე განცხადებები გავაკეთო. რასაკვირველია, გამოძიება მუშაობს და ყველა კითხვას გაეცემა პასუხი. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ აღნიშნულ დასასვენებელ პავილიონში, ე.წ. ფანჩატურში ელექტროხაზის დაერთებაზე მუნიციპალიტეტის მხრიდან არანაირი ნებართვა არ გაცემულა და დაერთება მოხდა თვითნებურად. ასევე, ხაზს ვუსვამ, რომ მერიის მიერ მოწყობილ ფანჩატურებში არ არის ელექტროენერგიის წყარო. არის რამდენიმე საქალაქო მნიშვნელობის პარკი, სადაც საჭადრაკო სივრცეებია და ამ სივრცეებში არის დამონტაჟებული ელექტროგაყვანილობები. დანარჩენ შემთხვევაში ჩვენი პოლიტიკა არის, რომ ფანჩატურებში ელექტროგაყვანილობა არ გაკეთდეს“, - განაცხადა კალაძემ.

ის ასევე გამოეხმაურა გავრცელებულ ინფორმაციებს, რომ ტრაგედია უკავშირდებოდა ვაკის რაიონის გამგეობის მიერ დაწყებულ გამწვანების სამუშაოებს. „ეს არის სრული სიცრუე და სიბინძურე. ამ დიდი ტრაგედიის ფონზე, ყოველგვარი პოლიტიკური სპეკულაცია უადგილო და ძალიან უხერხულია. გამოძიება დაადგენს ყველაფერს და ყველა, ვისაც რაიმე ბრალი მიუძღვის, აგებს პასუხს“, - თქვა კალაძემ და მედიას მოუწოდა, ნუ შეუწყობენ ხელს სიცრუის ტირაჟირებას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები