შემოსავლების სამსახურის განცხადებით, 24 ივლისს "სარფის" კონტროლის ზონაში, თურქეთის რესპუბლიკის მხრიდან საქართველოში შემოვიდა აზერბაიჯანის სახელმწიფო სანომრე ნიშნების მქონე სატრანსპორტო საშუალება, რომელსაც მართავდა ამავე ქვეყნის მოქალაქე. უწყების თანახმად, ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციის აღსრულების ფარგლებში, აღნიშნული სატრანსპორტო საშუალება გააბრუნეს თურქეთის რესპუბლიკაში.
შემოსავლების სამსახურის თანახმად, რამდენიმე საათის შემდეგ იგივე სატრანსპორტო საშუალება კვლავ შემოვიდა „სარფის“ კონტროლის ზონაში და მძღოლის მიერ დეკლარირების მიზნით, წარმოდგენილ სერტიფიკატში, ამჯერად საქონლის წარმოშობის ქვეყნად მითითებული იყო თურქეთი.
საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.
"მიმდინარე წლის 24 ივლისს სგპ "სარფის" კონტროლის ზონაში, თურქეთის რესპუბლიკის მხრიდან საქართველოში შემოვიდა აზერბაიჯანის სახელმწიფო სანომრე ნიშნების მქონე სატრანსპორტო საშუალება, რომელსაც მართავდა ამავე ქვეყნის მოქალაქე.
მძღოლის მიერ ზოგადი დეკლარირებისას წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესწავლის შედეგად, დადგინდა, რომ ტრანზიტულად თურქეთიდან რუსეთის ფედერაციის დანიშნულებით ხდებოდა ევროპული წარმოშობის საქონლის გადაზიდვა.
ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციის აღსრულების ფარგლებში, აღნიშნული სატრანსპორტო საშუალება გაბრუნებულ იქნა უკან თურქეთის რესპუბლიკაში.
აღსანიშნავია, რომ რამდენიმე საათის შემდეგ იგივე სატრანსპორტო საშუალება კვლავ შემოვიდა საბაჟო გამშვები პუნქტი - „სარფის“ კონტროლის ზონაში და მძღოლის მიერ ზოგადი დეკლარირების მიზნით, წარმოდგენილ წარმოშობის სერტიფიკატში, ამჯერად საქონლის წარმოშობის ქვეყნად მითითებული იყო თურქეთი.
ეჭვის საფუძველზე მებაჟე-ოფიცრების მიერ, განხორციელდა ტვირთის ნაწილობრივი ვიზუალური დათვალიერება, რის შედეგად დადგინდა, რომ ტვირთზე დატანილ ქარხნულ ეტიკეტებზე წარმოშობის ქვეყნებად მითითებული იყო გერმანია და ხორვატია.
ვინაიდან გამოიკვეთა დოკუმენტის სავარაუდო გაყალბებისა და სანქცირებული ტვირთის საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით გადაზიდვის მცდელობა, საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით გადაეცა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს",- აცხადებენ უწყებაში.




























