საერთაშორისო უფლებადამცველმა ორგანიზაციამ Amnesty International-მა გამოაქვეყნა ყოველწლიური ანგარიში მსოფლიოში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შესახებ.
ორგანიზაციამ 2025 წელს 144 ქვეყანაში შეაფასა ადამიანის უფლებების კუთხით არსებული ვითარება. ანგარიშში მოხვდა საქართველოც, სადაც როგორც დოკუმენტშია აღნიშნული გამოხატვისა და მშვიდობიანი შეკრების უფლებები მნიშვნელოვნად შეიზღუდა.
კერძოდ, Amnesty International-ის ანგარიშის საქართველოს შესახებ თავში განხილულია ის მოვლენები, რომლებიც 2024 წლის ნოემბერში საპროტესტო აქციებს მოჰყვა, რაც თავის მხრივ საქართველოს მთავრობის განცხადებას მოჰყვა, რომ აჩერებენ ევროკავშირთან გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყების პროცესს.
დოკუმენტში წერია, რომ რეპრესიულმა საკანონმდებლო ცვლილებებმა, უსამართლო სასამართლო პროცესებმა და პოლიციის მხრიდან ძალის უკანონო გამოყენების დაუსჯელობამ ხელი შეუწყო მთავრობის მხრიდან მიმდინარე რეპრესიებს. მშვიდობიანი მომიტინგეები, ჟურნალისტები, ოპოზიციონერები და აქტივისტები გახდნენ თვითნებური დაკავების, წამებისა და სხვა სასტიკი მოპყრობის მსხვერპლნი, რასაც შემდგომ უსამართლო სასამართლო განხილვები მოჰყვა.
ამას გარდა, დოკუმენტში აღნიშნულია, რომ უფლებადამცველები, არასამთავრობო ორგანიზაციები და დამოუკიდებელი მედიასაშუალებები მუდმივ დევნას განიცდიდნენ, მათ შორის იყო აქტივების დაყადაღება და მარეგულირებელი ორგანოების მხრიდან ზეწოლა. მომიტინგე ქალების მიმართ ადგილი ჰქონდა გენდერულ ძალადობასაც.
მშვიდობიანი შეკრების თავისუფლება
საერთაშორისო უფლებადამცველმა ორგანიზაცია წერს, რომ ასობით ადამიანი ყოველდღიურად აგრძელებდა პროტესტს, მიუხედავად დაშინების, მძიმე ჯარიმების, თვითნებური დაკავებების, სასტიკი მოპყრობისა და უსამართლო სასამართლო პროცესებისა. უპირატესად მშვიდობიანი აქციები არაერთხელ იქცა ძალის უკანონოდ გამოყენების საბაბი.
"ძალადობისა და სასტიკი მოპყრობის შესახებ გავრცელებული ცნობების მიუხედავად, პასუხისგებაში არცერთი პოლიციელი არ მიცემულა.
დეკემბერში ხელისუფლებამ დაიწყო გამოძიება BBC-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომლის მიხედვითაც, მომიტინგეების წინააღმდეგ წყლის ჭავლში აკრძალული ტოქსიკური ქიმიკატები იყო გამოყენებული. ბრალდებებზე რეაგირების ნაცვლად, გამოძიება იმ ექსპერტებისა და მოწმეების დაშინებას ცდილობდა, რომლებმაც BBC-ის რეპორტაჟისთვის მნიშვნელოვანი მტკიცებულებები მოამზადეს", - წერია ანგარიშში.
წამება და სხვა სასტიკი მოპყრობა
ნიღბიანი პოლიციელები სისტემატურად სცემდნენ დაკავებულებს როგორც უშუალოდ დაკავების პროცესში, ისე პატიმრობაში ყოფნისას. სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული უცნობი პირები, რომელთაგან ზოგი შეიარაღებული და აშკარად ხელისუფლებასთან დაკავშირებული იყო, ახორციელებდნენ დემონსტრანტებისა და ჟურნალისტების დაშინებასა და მათზე თავდასხმას, მათ შორის საცხოვრებელ სახლებსა და სამსახურებთან, რაზეც პოლიცია არ რეაგირებდა. ბევრ დაკავებულს ეზღუდებოდა ადვოკატთან თუ ოჯახთან დაკავშირების უფლება და ასევე უარი ეთქვათ გადაუდებელ სამედიცინო მომსახურებაზე.
ძალის უკანონო გამოყენება
წლის განმავლობაში პოლიცია კვლავ განაგრძობდა ძალის უკანონო გამოყენებას უპირატესად მშვიდობიანი მომიტინგეების დასაშლელად, მათ შორის იყენებდა ცრემლსადენ გაზს, რეზინის ტყვიებსა და წყლის ჭავლს.
თვითნებური დაკავება და უსამართლო სასამართლო პროცესი
მომიტინგეების, ჟურნალისტებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების თვითნებური დაკავება ჩვეულებრივ მოვლენად იქცა. ზოგიერთ პირს სახლში, სამუშაო ადგილზე ან ქუჩაში აკავებდნენ საპროტესტო აქციებში მონაწილეობის გამო. სასამართლოები სისტემატურად ამბობდნენ უარს გირაოს გამოყენებაზე, ყოველგვარი საფუძვლისა თუ მტკიცებულების გარეშე.
გაერთიანების თავისუფლება
სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფები, დამოუკიდებელი მედიასაშუალებები, ოპოზიციური პარტიები და პოლიტიკოსები რეპრესიული კანონმდებლობის, პოლიტიკურად მოტივირებული დევნისა და ადმინისტრაციული პროცედურების სამიზნე გახდნენ.
2024 წელს მიღებულ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონს“ ხელისუფლება სამოქალაქო საზოგადოების დამოუკიდებელი ჯგუფების ინსპექტირების და სისხლისსამართლებრივი გამოძიებების დასაწყებად იყენებდა. ამ ჯგუფებს, რომლებიც უცხოურ დაფინანსებას იღებდნენ და კანონში ბუნდოვნად განსაზღვრულ „პოლიტიკურ საქმიანობას“ ეწეოდნენ, სანქციებით ემუქრებოდნენ. ამ კონტექსტში Amnesty International-ი შვიდი არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის ანგარიშების დაყადაღებაზე საუბრობს.




























