საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია Amnesty International საქართველოში ანტისამთავრობო და პროევროპულ საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით დაპატიმრებული ცხრა ადამიანის შეწყალებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ გადაწყვეტილება მისასალმებელია, თუმცა ის მართლმსაჯულების აღდგენას ვერ უტოლდება.
როგორც უფლებადამცველი ორგანიზაცია აღნიშნავს, 28 აგვისტოს საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა 226 ადამიანი შეიწყალა. მათ შორისაა ცხრა პირი, რომლებიც 2024 წლის მაისიდან 2025 წლის ოქტომბრამდე გამართულ ანტისამთავრობო და პროევროპულ საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით იყვნენ დაპატიმრებული.
„ცხრა პროტესტის მონაწილეს გათავისუფლება მათთვის და მათი ოჯახებისთვის სასიხარულო ამბავია და ამას მივესალმებით, თუმცა ეს მართლმსაჯულება არ არის“, - განაცხადა Amnesty International-ის აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის მიმართულების დირექტორის მოადგილემ დენის კრივოშეევმა.
მისი თქმით, მშვიდობიანი დემონსტრანტები, რომლებიც ხელისუფლების წინააღმდეგ პოზიციის გამოხატვის გამო გახდნენ სამიზნეები, საერთოდ არ უნდა ყოფილიყვნენ სისხლის სამართლებრივი ან სხვა სახის სანქციების ობიექტები.
Amnesty International ასევე მიუთითებს სამართალდამცველების მხრიდან ადამიანის უფლებების შესაძლო დარღვევებზე და აცხადებს, რომ ძალის უკანონო გამოყენების, არასათანადო მოპყრობისა და სხვა დარღვევების შესახებ ყველა განცხადება დამოუკიდებლად და ეფექტიანად უნდა გამოიძიონ, ხოლო დამნაშავე პირები პასუხისგებაში მიეცნენ.
ორგანიზაციის შეფასებით, ხელისუფლებამ უნდა შეწყვიტოს საპროტესტო აქციების მონაწილეების წინააღმდეგ სისხლის სამართლისა და ადმინისტრაციული სამართალწარმოების გამოყენება. Amnesty International ასევე მოუწოდებს ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ და უპირობოდ გაათავისუფლოს ყველა ადამიანი, რომელიც მხოლოდ მშვიდობიანი შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების გამოყენების გამოა დაკავებული.
Amnesty International-ის განცხადებით, ორგანიზაციისა და ადგილობრივი უფლებადამცველების წარმომადგენლები პროტესტის მონაწილეების სასამართლო პროცესებს აკვირდებოდნენ და მიიჩნევენ, რომ ეს პროცესები სამართლიანი სასამართლოს სტანდარტებს არ აკმაყოფილებდა.




























