“დიზელგეითის სკანდალის” შედეგად, ავტომობილების მიერ გამოყოფილ ჭარბ გამონაბოლქვს დიდ ბრიტანეთში 16 ათასი ადამიანი ემსხვერპლა, 30 ათასზე მეტ ბავშვში კი ასთმა გამოიწვია - ამის შესახებ CREA-ს, ენერგეტიკისა და სუფთა ჰაერის კვლევის ცენტრის, ანგარიშშია აღნიშნული.
“დიზელგეითის სკანდალი” 2015 წლის სექტემბერში დაიწყო, როდესაც აშშ-ის გარემოს დაცვის სააგენტომ ავტომწარმოებელი VolksWagen Group სუფთა ჰაერის აქტის დარღვევაში ამხილა. კერძოდ, სააგენტომ დაადასტურა, რომ Volkswagen-ი სპეციალურად აპროგრამებდა საკუთარ ტურბოძრავებს იმგვარად, რომ ემისიების კონტროლი მხოლოდ მარეგულირებლის მიერ ლაბორატორიული შემოწმების დროს განეხორციელებინა და აშშ-ის სტანდარტები დაეკმაყოფილებინა. შედეგად კომპანიას 2009-2015 წლებში წარმოებული 11 მილიონი ავტომობილის გამოხმობა მოუწია.
“დიზელგეითის სკანდალმა” დაადასტურა, რომ დიზელის ავტომობილების ნაწილი ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ უფრო მეტ ტოქსიკურ გამონაბოლქვს გამოყოფდნენ, ვიდრე მარეგულირებლის ტესტირების დროს. მიუხედავად იმისა, რომ შედეგად აშშ-მა წუნდებული ავტომობილები ბაზრიდან გამოიხმო, კვლევა ამტკიცებს, რომ ევროკავშირსა და გაერთიანებულ სამეფოში ვითარება უფრო მძიმედაა, რამაც მოსახლეობის ჯანმრთელობაზე მოახდინა გავლენა. ექსპერტების თანახმად, ევროპაში ტოქსიკური გამონაბოლქვის მქონე მილიონობით ავტომობილი გადაადგილდება.
CREA-ს ანგარიშში არა ზოგადად ავტომობილთა გამონაბოლქვის ჯამური გავლენაა შეფასებული, არამედ კონკრეტულად იმ მოდელების ეფექტი, რომლებიც “დიზელგეითის” სკანდალთან არიან დაკავშირებული. დადგინდა, რომ დიდ ბრიტანეთში 2024 წელს ამ მიზეზით ჯანმრთელობასთან დაკავშირებული გართულებების გამო დასაქმებულებმა ანაზღაურებადი შვებულების 800 000 დღით ისარგებლეს, ეკონომიკურმა დანაკარგებმა კი 96 მილიარდ გირვანქა სტერლინგს მიაღწია. ევროკავშირის გათვალისწინებით კი ეს რიცხვი 760 მილიარდ გირვანქა სტერლინგამდე იზრდება, ნაადრევი გარდაცვალების შემთხვევები კი 120 000-ს აღემატება. კვლევის ანგარიშში აღნიშნულია, რომ დაუყოვნებლივი ზომების გარეშე, ადამიანური დანაკარგები 2040 წლამდე 80 000-ით გაიზრდება, ეკონომიკური ზარალი კი 430 მილიარდ ევროს შეადგენს.
აღსანიშნავია, რომ დიდ ბრიტანეთში 2020 წლიდან აკრძალულია მოწყობილობები, რომლებმაც ავტომობილის გამონაბოლქვის კონტროლის მარეგულირებელზე მორგებული კონტროლი უზრუნველყო. 2021 წლიდან კი მთავრობას ახალი კანონმდებლობის შექმნის შესაძლებლობა მიეცა, რაც მათ ბაზრიდან ავტომობილების გამოთხოვის უფლებას გარემოსდაცვითი მიზნებითაც მისცემდა. აღნიშნული შესაძლებლობა ქვეყანას ჯერ არ გამოუყენებია, თუმცა ცნობილია, რომ ჩანიშნულია კონსულტაციები.
“დიზელგეიტის სკანდალში” თავისი როლისთვის Volkswagen Group აშშ-მა 1.45 მილიარდი გირვანქა სტერლინგით დააჯარიმა და ჰაერის დაბინძურებასთან ბრძოლის ფონდში $5 მილიარდი დოლარის გადარიცხვის ვალდებულება დააკისრა. პარალელურად, დიდ ბრიტანეთს ავტომწარმოებლისთვის სასჯელის ზომები არ მიუღია და არც წუნდებული ავტომობილები გამოუთხოვია. ნაცვლად ამისა, ავტომფლობელებს დამოუკიდებლად მოუწიათ კომპანიისგან კომპენსაციის მისაღებად სამართლებრივი ბრძოლა.