პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე მომდევნო მოწვევის პარლამენტში საკუთარ თავს ვერ ხედავს. ამის შესახებ მან Forbes Georgia-ს და bm.ge-ს მთავარი რედაქტორების გიორგი ისაკაძის და თელარა გელანტიას ახალ რუბრიკა - #რედაქტ2თან ინტერვიუში განაცხადა.
გ.ი. მე-11 მოწვევის პარლამენტში დარჩენასაც აპირებთ?
- არა, გამორიცხულია. მომდევნო მოწვევის პარლამენტში თავს ნამდვილად არ ვხედავ.
თ.გ. დაიღალეთ?
- ჩემი ცნობიერებით მე ვარ ფინანსისტი, ბანკირი... ამ მოწვევის პარლამენტში რატომაც ვარ, მთავარი მიზეზი იყო ის, რომ 2020 წელს ქვეყანა იღებდა უმნიშვნელოვანეს ფინანსურ დახმარებას საერთაშორისო დონორებისგან და იყო თემები, რაზეც საფინანსო ინსტიტუტებთან ერთად ვმუშაობდით. მე გარკვეული გამოცდილება მქონდა, ამიტომაც მოხდა ასე...
თ.გ. ანუ ქვეყანასაც სჭირდებოდით?
- ქვეყანასაც სჭირდებოდა და იმ გუნდსაც სჭირდებოდა, სადაც ვარ..
თ.გ. ყოფილა დღეები, როცა წასვლაზეც გიფიქრიათ?
- მომავალში?
თ.გ. არა, ახლა...
- იცით როგორ არის?! ადამიანი ყველაფერზე ფიქრობს. ჩემი ამოცანა არის ჩემი საქმის მაღალი ხარისხით კეთება. მე იმ გარემოში ვარ გაზრდილი, სადაც ყოველთვის მიაჩნდათ, რომ პროფესიული საქმის მაღალი კლასით კეთება არის ყველაზე დიდი პატრიოტიზმი. ამაზე დიდი საქმე არ არსებობს. ამ საქმეს ვემსახურებოდი ყოველთვის სადაც ვიყავი, ნებისმიერ სამსახურში.