პლასტმასის ბოთლების აკრძალვის ნაცვლად, პრობლემის ეფექტიანი გადაწყვეტა გადამუშავებაშია, – ეს პოზიცია პლასტმასის მიმღები და გადამმუშავებელი კომპანიის „პოლივიმის“ კომერციულმა მენეჯერმა ბექა ფანჯავიძემ BMGTV-ს გადაცემაში „საქმიანი დილა“ გააჟღერა.
თემა განსაკუთრებით აქტუალური გახდა მას შემდეგ, რაც თავდაპირველად პლასტმასის ბოთლებში სასმელების მიწოდებისა და წარმოების ეტაპობრივი აკრძალვა იგეგმებოდა, თუმცა 8 აპრილს ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ რეალიზაციის აკრძალვა 4 წლით, 2031 წლამდე გადაიდო, რაც ბიზნესთან კონსულტაციების შედეგად გადაწყდა.
ბექა ფანჯავიძის განმარტებით, პლასტმასის, განსაკუთრებით კი PET მასალის სრულად აკრძალვა არ არის სწორი მიდგომა. „ჩვენი კომპანია საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი გადამმუშავებელი საწარმოა პლასტმასისა და პოლიმერული ნარჩენების მიმართულებით და გვაქვს მკაფიო ხედვა - გამოსავალი არის გადამუშავებაში და არა სრულ აკრძალვაში ისეთი შესაფუთი მასალისა, როგორიც არის პეტი (პოლიეთილენ ტერეფტალატი)“, – აცხადებს ის.
მისივე შეფასებით, PET ბოთლი თავისთავად პრობლემას არ წარმოადგენს : „პეტის ბოთლი არ არის პრობლემა – ეს არის, პირიქით, კაცობრიობის მონაპოვარი და განვითარების შედეგი. მას აქვს არაერთი უპირატესობა, მათ შორის შუშასთან შედარებით. პრობლემა მაშინ ჩნდება, როდესაც არ ხდება მისი სწორი მართვა და ის გარემოს აბინძურებს“, – ამბობს ფანჯავიძე.
მისი განმარტებით, არსებული გამოწვევების გათვალისწინებით, მთავარი ყურადღება უნდა გადატანილ იქნას ნარჩენების სწორ მართვასა და გადამუშავების სრულყოფილი სისტემის ჩამოყალიბებაზე. მისი თქმით, მხოლოდ აკრძალვებზე ორიენტირებული პოლიტიკა ვერ უზრუნველყოფს გრძელვადიან შედეგს, თუ პარალელურად არ განვითარდება შესაბამისი ინფრასტრუქტურა და მექანიზმები, რომლებიც ნარჩენების შეგროვებას, სორტირებასა და გადამუშავებას ეფექტიანად უზრუნველყოფს.
„ეს ოთხწლიანი გარდამავალი პერიოდი, რომელიც ახლა განისაზღვრა, უნდა იქნას გამოყენებული მაქსიმალურად ეფექტიანად. ეს არ არის დიდი დრო ისეთი კომპლექსური და მასშტაბური პრობლემისთვის, როგორიც ნარჩენების მართვაა“, - აღნიშნავს ის.
ფანჯავიძის ინფორმაციით, ეფექტიანი შედეგის მისაღწევად აუცილებელია პროცესში ყველა მხარის აქტიური და კოორდინირებული ჩართულობა. მისი თქმით, ამ მასშტაბის გამოწვევის გადაწყვეტა ერთ რომელიმე სუბიექტზე ვერ იქნება დამოკიდებული და საჭიროებს სახელმწიფოს, მწარმოებლებისა და გადამამუშავებელი სექტორის ერთობლივ მუშაობას : „წარმოუდგენელია, რომელიმე ერთმა აქტორმა შედეგი დადოს. საჭიროა სახელმწიფოს, მწარმოებლების და გადამამუშავებლების ერთობლივი მუშაობა. ეს არის წრიული პროცესი, რომელსაც საბოლოოდ კრავს გადამამუშავებელი. თუ ქვეყანაში არ იქნება გადამამუშავებელი ინფრასტრუქტურა, ნებისმიერი ინიციატივა დარჩება ჰაერში“, - ამბობს ის.
მისივე თქმით, გადამუშავება ერთდროულად ორ მნიშვნელოვან პრობლემას აგვარებს – ეკოლოგიურს და ეკონომიკურს. „დღეს ეს ნარჩენი ხვდება გარემოში. მაგალითად, მდინარე რიონში, ან უკეთეს შემთხვევაში ნაგავსაყრელზე, რომელიც არც უსასრულოა. გადამუშავებით კი ეს რესურსი გარდაიქმნება მეორეულ ნედლეულად. შედეგად, ვიღებთ ეკონომიკურ სარგებელსაც, ნაცვლად იმისა, რომ ფული დავხარჯოთ ნარჩენების დასამარხად, ვიღებთ გამოყენებად მასალას“, - განმარტავს ფანჯავიძე.
მისივე თქმით, გადამუშავების სექტორი მხოლოდ ეკოლოგიურ სარგებელს არ ქმნის და მას მნიშვნელოვანი სოციალური დატვირთვაც აქვს, მათ შორის დასაქმების კუთხით. როგორც ის აღნიშნავს, ინდუსტრიას აქვს რეალური პოტენციალი შექმნას სამუშაო ადგილები და ხელი შეუწყოს ეკონომიკურ აქტივობას.
„ჩვენს კომპანიაში დაახლოებით 50 ადამიანია დასაქმებული. 2018 წლიდან ვმუშაობთ იმისთვის, რომ რეციკლირების კულტურა პოპულარული გავხადოთ და სასიხარულოა, რომ დღეს ეს საკითხი გაცილებით უფრო აქტუალურია, ვიდრე რამდენიმე წლის წინ იყო“, - აღნიშნავს ის.
ფანჯავიძე ასევე საუბრობს სახელმწიფოსა და ბიზნესის როლზე. მისი თქმით, აუცილებელია შესაბამისი საკანონმდებლო ჩარჩოს შექმნა და მისი აღსრულება. „თუ სახელმწიფოს მხრიდან არ იქნება მხარდაჭერა – რეგულაციები და მათი ეფექტიანი აღსრულება, მხოლოდ კერძო სექტორი ვერ გაუმკლავდება ამ გამოწვევას. ამასთან, ბიზნესმაც უნდა აიღოს პასუხისმგებლობა, მათ შორის მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულებების ფარგლებში,“ – ამბობს ის.
მისი შეფასებით, სწორედ გადამმუშავებელი სექტორია ამ პროცესის „საკვანძო რგოლი“. „ნებისმიერი მცდელობა, იქნება ეს კანონმდებლობა თუ პასუხისმგებლიანი ბიზნესის ქცევა, ვერ იმუშავებს, თუ საბოლოოდ არ მოხდება ნარჩენის გადამუშავება. თუ ქვეყანაში არ არის გადამმუშავებელი, საბოლოო შედეგიც არ დადგება“, - აცხადებს ფანჯავიძე.
კომერციული მენეჯერი იმედოვნებს, რომ მომდევნო ოთხი წელი ეფექტიანად იქნება გამოყენებული :„მნიშვნელოვანია, რომ ეს დრო დავხარჯოთ კონსულტაციებზე, საუკეთესო პრაქტიკის შესწავლასა და მის მორგებაზე. ბევრმა ქვეყანამ უკვე გაიარა ეს გზა და გადამუშავება აირჩია როგორც ოპტიმალური გამოსავალი. ჩვენც უნდა შევთანხმდეთ, რა არის საუკეთესო გზა და ამ პროცესში ყველა მხარე უნდა იყოს ჩართული“, – აღნიშნავს ბექა ფანჯავიძე.




























