მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

გამოსავალი დღგ-ს დიფერენცირებაშია... სახელმწიფო არა ფასებს, არამედ დაბალ ხელფასებს უნდა ებრძოლოს - შოთა ბურჯანაძე

შოთა ბურჯანაძე

"რესტორატორთა ასოციაციის" პრეზიდენტი შოთა ბურჯანაძე ქვეყანაში, სურსათის არსებულ ფასებს ეხმაურება და ხელისუფლებას საგადასახადო სისტემის რეფორმირებისკენ მოუწოდებს. მისი თქმით, დღეს არსებული ერთიანი საგადასახადო განაკვეთი ბიზნესისთვის დამატებითი ტვირთია. ბურჯანაძის განცხადებით, აუცილებელია დამატებული ღირებულების გადასახადის (დღგ) გადახედვა და მისი მორგება პროდუქციის წარმოშობაზე.

შოთა ბურჯანაძე მიიჩნევს, რომ ერთიანი 18%-იანი განაკვეთი მხოლოდ ბიუროკრატიული კომფორტისთვისაა შენარჩუნებული.

„შეიძლება ითქვას რომ ჩვენ გამონაკლისი ქვეყანა ვართ, სადაც მარტივი არის 18%-იანი დღგ-თი დაბეგვრა და ეს არ არის დიდი თავის ტკივილი სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურებისთვის. ანუ, არ არის დახარისხებული - ალკოჰოლური თუ არაალკოჰოლური სასმლის მიმართულებით, ქართული და არაქართული პროდუქციის, იმპორტისა და ექსპორტის მიმართულებით. შეიძლება, ეს ახალი თავის ტკივილი აღმოჩნდეს [მთავრობისთვის] და ამის ასაცილებლად ერთი მარტივი ციფრია დასახელებული“ - ამბობს შოთა ბუჯანაძე BMG-სთან.

"რესტორატორთა ასოციაციის" პრეზიდენტი სახელმწიფოს სთავაზობს, რომ ქართული წარმოების პროდუქტებზე გადასახადი შემცირდეს, რაც პირდაპირ აისახება საბოლოო ფასზე:

„ცალსახად, ერთიანად ჩამოსვლის მომხრე მე პირადად არ ვარ და პროდუქციის მიხედვით უნდა იყოს. მაგალითად, ალკოჰოლური სასმელები, პირობითად, რომელიც არის იმპორტირებული, იქ შეიძლება მაღალი დღგ იყოს. ის რაც არის საქართველოში წარმოებული - ქართული ღვინო იქნება თუ სხვა ქართული სასმელი, შეიძლება დაბალი იყოს. ასევე, შესაძლებელია შემცირდეს დღგ პროდუქციაზე, რომელიც ქართულ ბაზარზე იწარმოება" - განმარტავს შოთა ბურჯანაძე.

რაც შეეხება სახელმწიფოს როლს დღეს არსებულ ფასებში, შოთა ბურჯანაძე განმარტავს, რომ თავისუფალ ბაზარზე ფასებს კონკურენცია ადგენს და ხელოვნურად ფასების დაწევა დაუშვებელია. ამასთან, მისივე თქმით, ქვეყნის განვითარებასთან ერთად, ფასების მატება ბუნებრივი პროცესია.

რესტორატორი ხაზს უსვამს, რომ ფასების დარეგულირება მხოლოდ წარმოების ზრდითა და სწორი ეკონომიკური ნაბიჯებითაა შესაძლებელი.

"ზოგადად, თუ გვინდა, რომ ქვეყანა განვითარდეს, ეკონომიკური ზრდა არსებობდეს, ფასების ზრდა გარდაუვალია. ინერგება ახალი სტანდარტები და ის, რაც 15 წლის წინ ჩვეულებრივ მოვლენად გვესახებოდა ბაზარზე და დღეს უბრალოდ წარმოუდგენელია და შეუსაბამოა სტანდარტებთან. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ფასებს აძვირებს. რეალურად სახელმწიფო უნდა ებრძოლოს არა ფასებს, არამედ უნდა ებრძოლოს დაბალ ხელფასებს.

უნდა შეიქმნას სამუშაო ადგილები, გაჩნდეს ახალი წარმოებები და ავტომატურად დარეგულირდება ფასები. ხელოვნურად ფასების დაწევა მხოლოდ და მხოლოდ მოკლევადიანი პერსპექტივაა და გრძელვადიან პერსპექტივაში ეს უბრალოდ უარყოფით შედეგს გამოიღებს" - ამბობს შოთა ბურჯანაძე.

მისივე თქმით, ბიზნესს უნდა დაუტოვონ „სათამაშო მოედანი“, რათა მან თავად დაარეგულიროს ფასები ბაზრის მოთხოვნებიდან გამომდინარე, ხოლო სახელმწიფომ აქცენტი გადასახადების ოპტიმიზაციაზე გააკეთოს.

მთავრობამ 2025 წლის 30 დეკემბრის მთავრობის განკარგულებით, სასურსათო პროდუქციის ფასებთან დაკავშირებით საკოორდინაციო კომისიის შემადგენლობა დაამტკიცა. კომისიას პრემიერ-მინისტრი უხელმძღვანელებს. წევრები კი, ეკონომიკის, ფინანსთა, სოფლის მეურნეობის და ჯანდაცვის მინისტრები, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი და კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარე არიან.

სურსათის ფასებთან დაკავშირებული კიდევ ერთი კომისია საგაზაფხულო სესიაზე პარლამენტშიც შეიქმნება.

პარალელურად, "ოცნების" პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მოწოდების შემდეგ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა განაცხადა, რომ სამომხმარებლო ფასების შესწავლას იწყებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები