მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"სახელმწიფომ პროპაგანდა უნდა გაუწიოს იმ პროფესიულ სასწავლებლებს, რომელიც სამუშაო ადგილებს შექმნის" - შოთა ბურჯანაძე

შოთა ბურჯანაძე

"სახელმწიფომ პროპაგანდა უნდა გაუწიოს იმ პროფესიულ სასწავლებლებს, რომელიც სამუშაო ადგილებს შექმნის, ამ ყველაფერზე ხელისუფლებამ კერძო სტრუქტურასთან ერთად უნდა იმუშაოს, რადგან სწორედ კერძო სტრუქტურა სთავაზობს მას იმ აუცილებლობას და ბაზას, რომელიც დღესდღეობით მოთხოვნადია" - აცხადებს "რესტორატორთა ასოციაციის" ხელმძღვანელი შოთა ბურჯანაძე BMG-სთან საუბრისას. 

ის ჩვენთან იმ ფაქტორებს განიხილავს, რაც საქართველოში, კერძოდ, სარესტორნო ბიზნესში, კვალიფიციური კადრების დეფიციტს განაპირობებს და აღნიშნავს, რომ ამ დრომდე, ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად, სახელმწიფოს მხრიდან გადადგმული ყველა ნაბიჯი, უბრალოდ გადაყრილი ფინანსებია, რადგან არსებული სასწავლებლები კონკრეტული სფეროებისთვის არაფერს ქმნიან. 

"თუ ჩვენს სფეროს ავიღებთ, სარესტორნო სექტორი საკმაოდ მრავალფეროვანი ხდება, ბაზარზე სულ უფრო მეტი რესტორანი ჩნდება, ამის პარალელურად კი, კვალიფიციური კადრების მოძიება ურთულესია და ამას მოკლე ვადაში გადაჭრის შესაძლებლობა არ აქვს, ეს საკმაოდ გრძელვადიანი პროცესია, იქიდან გამომდინარე, რომ პროფესიონალი კადრები თავისთავად არ იბადებიან, ეს კადრები სახელმწიფომ უნდა შექმნას. ამჟამად ქვეყანაში დარგობრივი უნარების განვითარების ორგანიზაციების შექმნის აუცილებლობა დგას, რომლის შედეგადაც ბაზარი იმ კადრს მიიღებს, რომელიც მას სჭირდება, თუ ნაბიჯები სწორად გადაიდგმება, ვფიქრობთ, რომ რამდენიმე წელიწადში ჩვენ ამ პრობლემის წინაშე აღარ უნდა ვიდგეთ და კადრების შევსება ავტომატურად უნდა მოხდეს", - აცხადებს შოთა ბურჯანაძე. 

"რესტორატორთა ასოციაციის" ხელმძღვანელი ამბობს იმასაც, რომ სარესტორნო ბიზნესის მიმართ მოთხოვნა სულ უფრო მზარდია, შესაბამისად, სექტორის წარმომადგენლებს უწევთ, რომ დასაქმებულებს რამდენიმე საქმე ერთად შეუთავსონ, რაც, თავის მხრივ, სერვისს აფუჭებს - "თუ ასე გაგრძელდა, ის, რასაც ამ ხნის განმავლობაში სტუმარ-მასპინძლობის მიმართულებით მივაღწიეთ, კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება", - აცხადებს ბურჯანაძე. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები