რესტორატორთა ასოციაციის ინფორმაციით, ამ ეტაპზე უცხო ქვეყნის მოქალაქეების დასაქმების მაჩვენებელი სარესტორნო ბიზნესში 2%-იდან 3%-მდე მერყეობს, დასაქმებულების დიდ ნაწილს კი საქართველოში ჩამოსული სტუდენტები წარმოადგენენ.
შოთა ბურჯანაძის თქმით, ეკონომიკურ ზრდასთან ერთად უცხოელ მუშახელზე მოთხოვნა გაიზრდება, თუმცა დღეისთვის მათი წინა ხაზზე დასაქმება ენობრივი ბარიერის გამო ვერ ხერხდება.
„ის ადამიანები, რომლებიც დღეს დასაქმებულები არიან, გარკვეული წლების შემდეგ განვითარდებიან და სხვა მაღალ ანაზღაურებად პოზიციებს დაიკავებენ, მათი ჩანაცვლება კი მოხდება საზღვარგარეთიდან ჩამოსულებით. ასე ხდება ყველა განვითარებულ ქვეყანაში, ასე აშენდა ევროპა და შესაბამისად ეს ცვალებადობა მოსალოდნელია ჩვენთანაც. დღეს ამას ჩვენ სექტორზე დიდი გავლენა არ აქვს. რა თქმა უნდა არის მუშახელი, თუმცა ეს არის ძირითადად სტუდენტები. არიან ისეთებიც, რომლებიც სამუშაოდ არიან ჩამოსულები, თუმცა ჩვენი სფერო სპეციფიკურია. სერვისს რომელსაც ვაწვდით მომხმარებელს მოითხოვს წინა ხაზზე ყოფნას, მათთან კომუნიკაციას, რაც ენის ბარიერიდან გამომდინარე რთულია. ბექში იკავებენ გარკვეულ პოზიციებს თუმცა ეს არის ალბათ 2-3%-ის ფარგლებში,“ - განაცხადა "რესტორატორთა ასოციაციის" ხელმძღვანელმა შოთა ბურჯანაძემ.
"თიბსი კაპიტალის" კვლევის მიხედვით სამუშაო ძალის შემოდინება უფრო დაბალ შემოსავლიანი მეზობელი ქვეყნებიდან მიმდინარე წლიდან დაიწყება. მათივე ანალიტიკის მიხედვით მშენებლობის მიმართულებით, საქართველოში თვიური ანაზღაურება უფრო მაღალია, ვიდრე აზერბაიჯანში, თურქეთში, სომხეთსა და უზბეკეთში.
სომხეთთან, აზერბაიჯანთან და უზბეკეთთან შედარებით საშუალო ანაზღაურება უფრო მაღალია ისეთ სექტორებშიც როგორიც არის ვაჭრობა და განთავსებისა და საკვების მიწოდების მიმართულება.