მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ქუჩაში მოძიებული, არაპროფესიონალი კადრით, ვერ შევძლებთ ახალი ობიექტების გახსნას... უცხოეთიდან კადრების შემოყვანა გარდაუვალია"

6420187338c29
მარიამ იზორია
28.03.23 19:40
5232
სარესტორნო ბიზნესი კვლავ კადრების დეფიციტზე საუბრობს. კადრების სიმცირის მიზეზად არასათანადო ანაზღაურება, პირობები და მუშახელის გადინება სახელდებოდა. ბიზნესი კი ამის საპასუხოდ ამბობდა, რომ პანდემიური რთული წლების შემდგომ სარესტორნო ბიზნესში დასაქმებულ ადამიანებს ხელფასები გაეზარდათ, მაგრამ, ამის მიუხედავად საჭირო რაოდენობის თანამშრომლების მოძიება მაინც ვერ ხერხდება.

რესტორატორთა ასოციაციაში ამჯერად აღნიშნავენ, რომ პრობლემაა პროფესიულ სასწავლებლებშიც. როგორც შოთა ბურჯანაძე bm.ge-სთან განმარტავს, დღეს პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ გადამზადებული კადრები უმუშევრები რჩებიან, რადგან მათ ის უნარები არ აქვთ, რასაც ბაზარი ამა თუ იმ სფეროში ითხოვს. არაპროფესიონალი კადრებით კი ბიზნესი გაფართოებას ვერ ახერხებს.

მისივე თქმით, ბიზნესისთვის ერთადერთი გამოსავალი უცხოეთიდან კადრების შემოყვანაა.

"ქუჩაში მოძიებული კადრით, რომელიც არაპროფესიონალია, ვერ შევძლებთ ახალი ობიექტების გახსნას და იმ ობიექტების მოთხოვნის დაკმაყოფილებას, რომელიც მზარდია. პროფესიული სასწავლებელი ათასობით ადამიანს უშვებს, რომლებიც უმუშევარ-ნასწავლი ადამიანები არიან, იქიდან გამომდინარე, რომ მათ არ აქვთ ის შესაბამისი უნარები, რომელსაც ითხოვს დღეს ბაზარი.

უცხოეთიდან კადრების შემოყვანა გარდაუვალია. ქვეყნის განვითარებასთან ერთად, ძალიან ბევრი სამუშაო ადგილო იქმნება, რომელსაც ქართული მოსახლეობა ვერ დააკმაყოფილებს. ეს ყველა განვითარებულ ქვეყანაში ასე ხდება, ჩამოდის ადამიანი უცხოეთიდან თუ მისთვის კონკრეტულ ქვეყანაში არსებული ხელფასები მისაღებია, საქართველოში კი ეკონომიკური ზრდის გამო, ხელფასები გაიზარდა, შესაბამისად, თუ მეზობელი ქვეყნების ზრდა მსგავსი არ იქნება, სხვა ქვეყნის მოქალაქისთვის საქართველოში დასაქმება საინტერესო იქნება,“ - ამბობს შოთა ბურჯანაძე.

საკადრო პოლიტიკის პრობლემას და იმ მოსაზრებას, რომ ქვეყანაში არსებული პროფესიული სასწავლებლები არაეფექტიანად მუშაობენ, ეხმაურებიან საქართველოს პროფესიულ გაერთიანებაშიც. პროფკავშირებში აცხადებენ, რომ კომპანიების დიდი ნაწილი კადრების გადამზადებაში მონაწილეობას არ იღებს და ისინი ბაზარზე უკვე გამზადებულ კადრებს ეძებენ. პროფკავშირებში მიაჩნიათ, რომ ნებისმიერ ბიზნესს შეუძლია თავისი პროფესიული სასწავლებელი გახსნას, ან სულ მცირე ასეთი ტიპის საგანმანათლებლო დაწესებულებებთან თანამშრომლობა დაიწყოს.

„კომპანიების უმეტესობას უნდა, რომ გამზადებული კადრი აიყვანოს, მაგრამ არ ცდილობს გადამზადებას და არც პროფესიულ სასწავლებლებთან თანამშრომლობს. ნებისმიერ კომპანიას შეუძლია თავისი კოლეჯი გახსნას, ან მათთან საქმიანი ურთიერთობა დაიწყოს. ამიტომ, ის რომ პროფესიული სასწავლებლები არაეფექტიანად მუშაობენ არ არის მიზეზი,“ - აღნიშნავს პროფკავშირების ანალიტიკოსი გიორგი ჭანტურიძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები