მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“კონკრეტულ კვების ობიექტებში მომსახურება მხოლოდ რუსულ ენაზეა, რაც სარესტორნე ბიზნესის დიდი პრობლემაა”- ასოციაცია

644fcc0aebcbc
ანუკა ჯოხაძე
02.05.23 00:05
1113
მიგრანტები, რომელთა ეფექტმა გასულ წელს საქართველოს მოსახლეობის ზრდაც კი გამოიწვია, ძირითადად ტურიზმის სექტორში საქმიანობენ. განსაკუთრებით აქტიურად რესტორნებს და ბარებს რუსული ეროვნების მიგრანტები ხსნიან.

როგორც რესტორატორთა ასოციაციის ხელმძღვანელი ამბობს, ამ ობიექტებს ძირითადად ისევ რუსეთის მოქალაქეები სტუმრობენ. შოთა ბურჯანაძის თქმით, თბილისზე მეტად რუსული ბიზნესის მასშტაბები ბათუმში იგრძნობა.

“ბათუმში პრობლემა, რომ არა ქართული ბიზნესი, არამედ რუსული ბიზნესი ვითარდება. იქ მოთხოვნა ტურისტების მხრიდან უფრო მაღალია, შესაბამისად, მიგრანტებს ბიზნესის განვითარების შესაძლებლობა უფრო დიდი აქვთ,”-ამბობს ბურჯანაძე.

შოთა ბურჯანაძის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს კანონმდებლობით ბიზნეს სუბიექტი ვალდებულია თავის კვების ობიექტში ქართულენოვანი მენიუ ჰქონდეს და მომსახურებაც ქართულ ენაზე იყოს, ეს ხშირად ირღვევა. მისი თქმით, ამ მიმართულებით კონტროლი გასამკაცრებელია.

“არის ფაქტები, როდესაც რესტორნებში მხოლოდ და მხოლოდ რუსული მენიუები არის და რუსულად მოსაუბრე პერსონალია. ამ კუთხით ჩვენ გვაქვს რეგულაცია და უნდა იყოს ეს დაცული. ის რომ მომსახურება კონკრეტულ კვების ობიექტებში მხოლოდ და მხოლოდ რუსულ ენაზე არის ეს სარესტორნე ბიზნესის პრობლემაა. უნდა გამკაცრდეს კონტროლი და შესაბამისად, ამ ადამიანებს უნდა მოეთხოვოთ სწორად აწარმოონ ბიზნესი.”-ამბობს რესტორატორთა ასოციაციის ხელმძღვანელი შოთა ბურჯანაძე.

ცნობისთვის, 2023 წლის პირველ კვარტალში კი რუსეთის ფედერაციიდან 298 285 საზღვრის კვეთა დაფიქსირდა. ეროვნული ბანკი მონაცემებით, მარტის მდგომარეობით საქართველოში მყოფი რუსეთის მოქალაქეების 35,5 მიგრანტის სტატუსის მატარებელია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები