"შეიძლება ითქვას, რომ დიდი ხნის განმავლობაში ხინკალს დაბალი ფასი ჰქონდა", - ამის შესახებ რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებელმა, შოთა ბურჯანაძემ BM.GE-სთან განაცხადა.
საქსტატის მონაცემებით, გასულ თვეში რესტორანში სადილის საშუალო ფასი წლიურად 2.2%-ით გაიზარდა. მიმდინარე წელს მზარდია რესტორნებში ფასი ტრადიციულ კერძებზე. კერძოდ, რესტორნებში ხინკალი წლიურად 12%-ით გაძვირდა. გასული წლის სექტემბერთან შედარებით ხაჭაპური კაფეში 4%-ით გაძვირდა, ხოლო საცხობში ხაჭაპურის ღირებულება 2%-ითაა გაზრდილი. 11%-ით გაიზარდა ბარში ლურდის ღირებულება. ასევე გაზრდილია კაფეში ყავის ღირებულებაც და სექტემბერში წლიურმა ზრდამ 4% შეადგინა.
როგორც ბურჯანაძემ ჩვენთან საუბრისას განაცხადა, მასპინძლობის სექტორში რესტორნებს სტანდარტების გაუმჯობესების მიზნით გარკვეული ვალდებულებები გაუჩნდათ, რომელიც მატერიალურ გასავალთანაა დაკავშირებული.
„ხინკლის 12%-ით ზრდა ალბათ ის თანხა არ არის, რომელიც გაძვირების დიდ ტენდენციას წყვეტს. ზოგადად ფასების გაძვირება ჩვეულებრივ მოსალოდნელია, რადგან რესტორნებს გარკვეულწილად სამასპინძლო სფეროში ცვლილებები აქვს. ეს არის სტანდარტიზაციისკენ მიმართული ვალდებულებები, რაც განპირობებულია მომხმარებლის უფლებების დაცვასთან და პერსონალის უფლებების დაცვასთან, რომელიც გარკვეულ მატერიალურ გასავალთანაა დაკავშირებული. შესაბამისად, ეს ყველაფერი ფასებში აისახება.
ფასების ზრდა დაკავშირებულია ლართან, იმპორტირებულ პროდუქციასთან და ა.შ. კონკრეტულ შემთხვევაში, თუ ხინკალზეა საუბარი, გარკვეულ წილად დიდი ხნის განმავლობაში ხინკალს შეიძლება ითქვას, რომ დაბალი ფასი ჰქონდა, მაგრამ ხორცთან დაკავშირებული სტანდარტიზაციიდან გამომდინარე, ეს იქნება მისი შენახვის ვადა და ა.შ. ეს ყველაფერი გაძვირებას იწვევს", - აცხადებს ბურჯანაძე.
რაც შეეხება ნედლეულის გაძვირებას, რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებლის ცნობით, ნედლეული დიდად გაძვირებული არ არის, შესაბამისად, ფასების კორექცია ყველაზე ნაკლებად ამას უკავშირდება.