მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რესტორნებში დასაქმებულთა სამუშაო დრო 40 საათამდე შემცირდა - რა მოლოდინები აქვთ დამსაქმებლებს?

63c17b1d12afe
ვიქტორია მღებრიშვილი
14.01.23 10:11
1011
საქართველოს მთავრობამ სპეციფიკური სამუშაო რეჟიმის მქონე დარგების ახალი ჩამონათვალი დაამტკიცა. შრომის კოდექსის თანახმად, დამსაქმებლის მიერ განსაზღვრული სამუშაო დროის ხანგრძლივობა, კვირაში 40 საათს არ უნდა აღემატებოდეს, თუმცა განსხვავებული მიდგომაა სპეციფიკური სამუშაო რეჟიმის მქონე საწარმოებში, სადაც წარმოების/შრომითი პროცესი 8 საათზე მეტი ხანგრძლივობის უწყვეტ რეჟიმს – კვირაში 48 საათს ითვალისწინებს. ცვლილებების მიხედვით, სპეციფიკური სამუშაო რეჟიმის მქონე დარგების განახლებულ ჩამონათვალში აღარ გვხვდება ისეთი საქმიანობები, როგორიცაა: მშენებლობა, ტექსტილისა და ტექსტილის ნაწარმის; ტყავის, ტყავის ნაწარმისა და ფეხსაცმლის წარმოება და ქაღალდის მრეწველობა; სასტუმროები და რესტორნები, რაც იმას ნიშნავს, რომ დამატებით სამუშაო დროში სამუშაოს შესრულების შემთხვევაში დამსაქმებელს დასაქმებულისთვის ზეგანაკვეთული ანაზღაურების გადახდა მოუწევს.

რა გავლენას იქონიებს მიღებული გადაწყვეტილება კონკრეტულად სარესტორნო დარგზე და გაეზრდებათ თუ არა რესტორატორებს ხარჯები - ამ კითხვებით bm.ge-მ რესტორატორთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტს შოთა ბურჯანაძეს მიმართა. მისი ინფორმაციით, აღნიშნულ ცვლილებაზე  მუშაობა დიდი ხანია მიმდინარეობს და ადრე თუ გვიან ეს საკითხი უნდა გადაწყვეტილიყო.

რესტორატორთა ასოციაციის ხელმძღვანელი სექტორისთვის აღნიშნული გადაწყვეტილების ნეგატიურ და პოზიტიურ გავლენაზე საუბრობს და ამბობს, რომ რესტორნის ზომის მიხედვით, კვების დაწესებულებებს ხარჯები დაახლოებით 10% და მეტით გაეზრდებათ.

„ამ გადაწყვეტილებამ ცალსახად სექტორში გარკვეული პრობლემები შეიძლება შექმნას. დღეს სტუმარმასპინძლობის სფეროში, როგორც სასტუმროებისთვის ასევე რესტორნებისთვის კადრების მოძიება ძალიან პრობლემატურია. დღეში 8-საათიანი, კვირაში კი 40-საათიანი სამუშაოს შემთხვევაში კადრების ნაკლებობასთან ერთად აუცილებელი იქნება სმენებში ადამიანების გადაყვანა, ან იმ შემთხვევაში თუ დამატებითი საათების აუცილებლობა იქნება ანაზღაურება იქნება გასაზრდელი. დამსაქმებლისთვის ეს ხარჯს გაზრდის და გარკვეულწილად სფერო, რომელიც 365 დღე ძალიან დიდი დატვირთვით მუშაობს, როგორ მოეწყობა ახალ რელსებზე, რასაც ევროკავშირი ითხოვს, საკითხავია. ეს ის ნეგატიური მხარეა, რომელიც ამ გადაწყვეტილებას ახლავს. საერთოდ შეძლებს თუ არა რესტორნების ნაწილი ამის გაკეთებას ესეც ძალიან დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. რესტორნის ზომის მიხედვით, ხარჯები 10% და მეტით გაიზრდება. თუ ჩვენ ამ საკითხს პრობლემის კუთხით შევხედავთ საბოლოოდ ეს ხარჯი არა დამსაქმებელზე, არამედ მომხმარებელზე აისახება და მომსახურება გაძვირდება“, - ამბობს ბურჯანაძე.

დარგის წარმომადგენელი ამბობს, რომ ამ გადაწყვეტილებამ რესტორნების განვითარებაში შესაძლოა დადებითი გავლენა იქონიოს, თუმცა ეს დიდწილად მომხმარებელთა კულტურასა და მოთხოვნაზეა დამოკიდებული.

„ეს გადაწყვეტილება პოზიტიურად რომ განვიხილოთ, ზოგადად რესტორნის იდეა, არ შეიძლება რესტორანი იყოს 24-საათიანი და მთელი დღის განმავლობაში. რესტორანი მინიმუმ 4-5 საათიდან უნდა იწყებდეს მუშაობას. შესაბამისად ამ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ზოგიერთი რესტორანი შესაძლოა ამ კუთხით გადაეწყოს და ნაწილმა საღამოს რესტორნად დაიწყოს მუშაობა, ნაწილმა კი საუზმისა და ლანჩის. ეს გრძელვადიანი პროცესია, თუმცა რეალურად განხორციელებადი. სადაც იცვლება ადამიანის უფლებები და ხდება შრომის კანონდებლობის ფარგლებში მოქცევა იქ რესტორნებმა შეიძლება ის სახე მიიღონ, რომელიც რესტორნისთვის შესაბამისი იქნება. ეს არის დასავლეთის კულტურა, თუმცა ჩვენ შემთხვევაში რამდენად იქნება ეს შესაძლებელი ამას როგორც ეკონომიკა, ასევე საზოგადოების დაკვეთა გვიჩვენებს. ზოგადად, დიდად ამ კუთხით მომხმარებელთა დაკვეთა საქართველოში არ არის, ქვეყანაში საშუალო ფენა, რომ არსებობდეს და რესტორანში საუზმის, ლანჩის ან ვახშმის კულტურა იყოს ეს ყველაფერი უფრო მარტივი იქნებოდა. სარესტორნო სფეროს ამ მოდელზე გადასვლა გაუძნელდება“, - განმარტავს რესტორატორთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები