მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"გამოსავალია შეთანხმებულად მივიღოთ გადაწყვეტილებები და ისე მოხდეს ფასების შემცირება" - "წერტის" გენდირექტორი

ბიძინა გონაშვილი

პრობლემა კომპლექსურია და მოიცავს როგორც მწარმოებლებს, ისე ადგილობრივ წარმოებას, დისტრიბუციასა და საცალო ქსელებს, - ამის შესახებ "წერტის" გენერალურმა დირექტორმა ბიძინა გონაშვილმა "ფასების კომისიაზე" მწარმოებლების შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, არსებული ვითარებიდან გამომდინარე, რთულია ერთი კონკრეტული მიზეზის გამოყოფა.

"პრობლემა კომპლექსურია. მდგომარეობს, როგორც მწარმოებლების მხარეს, ისე ადგილობრივი წარმოების მხარეს, ისე დისტრიბუციის და საცალო ქსელების მიმართულებით და ამიტომ ასე ძალიან რთულია, რომ განისაზღვროს [ერთი პრობლემა].

გამოსავალი ალბათ არის, რომ ყველამ ერთიანად, შეთანხმებულად, რაღაც გადაწყვეტილებები მივიღოთ და ისე მოხდეს ფასების შემცირება", - განაცხადა გონაშვილმა.

კითხვაზე - ხორცის მწარმოებლების შემთხვევაში, სად არსებობს სივრცე იმისთვის, რომ პროდუქტზე ფასი შემცირდეს ის პასუხობს, რომ გამოსავალი ადგილობრივი წარმოების განვითარებაა.

"აქ უკვე ადგილობრივი წარმოება უნდა განვითარდეს.

ჩვენს შემთხვევაში ქეშბექი არ არის... ჩვენს შემთხვევაში მაგალითად, დისტრიბუცია აძვირებს, კიდევ ის აძვირებს, რომ მასშტაბი არ არის იმხელა ქვეყანაში ვთქვათ, რამხელაც სხვა ქვეყნებში არის და აქედან გამომდინარე მასშტაბიც ქმნის ერთ-ერთ პრობლემას", - განაცხადა ბიძინა გონაშვილმა.

ცნობისთვის, სასურსათო პროდუქციის ფასებთან დაკავშირებით სამთავრობო საკოორდინაციო კომისიამ, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ხელმძღვანელობს, პირველი სხდომა 20 იანვარს გამართა. 21 იანვარს კი, "ფასების კომისიის" წარმომადგენლები პროდუქტის მაღალ ფასებთან დაკავშირებით სუპერმარკეტების წარმომადგენლებს შეხვდნენ. 22 იანვარს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური რამდენიმე ათეულ სადისტრიბუციო და სასურსათო პროდუქტის რეალიზაციის ქსელში შევიდნენ და დოკუმენტაცია მოითხოვეს. 23 იანვარს "ფასების სამთავრობო კომისიამ" პრემიერის ანონსის შესაბამისად შეხვედრა დისტრიბუტორებთან გამართა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები