თხილეულისა და ჩირეულის მწარმოებელი კომპანია "ქალაქურის" დირექტორი მურად ღოღაძე მიიჩნევს, რომ თხილის ადგილობრივი მწარმოებლები იმპორტულ პროდუქციასთან არათანაბარ კონკურენტულ პირობებში არიან, რაც მაღალ ფასებს განაპირობებს - ამის შესახებ "ქალაქურის" დირექტორმა პარლამენტში, "ფასების საპარლამენტო დროებით კომისიის" სხდომაზე ისაუბრა და განაცხადა: "გამოსავალს ვხედავ იმპორტის დარეგულირებაში".
როგორც მან განმარტა, ქართულ თხილს, იმპორტულთან შედარებით, ხარისხის პრობლემა აქვს და, შესაბამისად, ერთი და იმავე შრომის სანაცვლოდ, იმპორტული თხილი რაოდენობრივად უფრო მეტია, რაც მის დაბალ ფასს განაპირობებს.
"როცა იმპორტული პროდუქცია შემოდის ბაზარზე და ამ იმპორტის წარმომადგენლები არის თვითონ რიტეილ სეგმენტი, ჩვენი პრობლემები საკმაოდ იზრდება. ქართული თხილი იყიდება, პირობითად, ლარად და თურქული - ლარად ან 80 თეთრად. ბევრ ქვეყანას გააქვს ჩვენგან თხილი ექსპორტზე, მათ შორის იტალიას, თურქეთს და ვიცი, მათი მოთხოვნები როგორია. ჩემ მოვლილ ბაღში თხილი ღირებულება 47-48%-მდეა, გააჩნია, როგორ მოუვლი რომ ხარისხი მიიღო. მოსახლეობაში ხარისხზე მუშაობა ჯერ გაჯერებული არ არის.
როცა თხილის ხარისხი სტაბილურია - და თურქული თხილის ხარისხი უფრო მაღალია ჩვენთან მიმართებით - მოდი, პირველი შეკითხვა დავსვათ: თუ შეიძლება, რომ ჩვენზე კარგი ფასი ჰქონდეთ? თუ 10 ცალ თხილს გავტეხათ და ქართულიდან ამოვიღებთ 5 ცალს, მისი ღირებულება იზრდება და როცა თურქულ თხილს გავტეხათ, შეიძლება მისი ღირებულება ჩვენზე დაბალი გამოვიდეს. ანუ რაოდენობრივადაც გვაჯობებენ და ფასშიც, იმიტომ რომ ერთი და იგივე დრო სჭირდება, ერთი და იგივე საწვავი, ერთი და იგივე ყველაფერი. ანუ შესაძლებელია, რომ ჩვენი თხილი მაღალფასიანი იყოს. მე ასე ვსაზღვრავ ამ ყველაფერს და გამოსავალს ვხედავ იმპორტის დარეგულირებაში, რითეილთან მიმართებით", - ამბობს მურად ღოღაძე.
მისივე განმარტებით, თხილის ფასს მისი ხარისხი განაპირობებს, თუმცა მწარმოებელს აქვს უფლება, თავისი წარმოების პროდუქტი იმ ფასად გაყიდოს, რა ფასიც თავად სურს.
"თუ რითეილში შევდივართ და ვთავაზობთ ქართულ პროდუქციას და ვეუბნებით, რომ ჩემი თხილი დღეს ღირდა 1 ლარი და მე მინდა, რომ შემოვიტანო 1.2 ლარად, ამას განსაზღვრავს მისი ხარისხი. მოთხოვნა ექსპორტის მიმართულებით ძალიან გაიზარდა, მით უმეტეს 2025 წელს, როცა მისი გულის ღირებულება დაახლოებით ადგილობრივ ბაზარზე 15-18 ლარამდე იყო, 20 ლარზეც ადიოდა, დღევანდელი თხილის გულის ფასი არის 33-დან 35 ლარამდე ადგილობრივ ბაზარზე.
მე თუ მაქვს ჩემი კუთვნილი ბრენდის ქსელი და მე თვითონ ვაწარმოებ და შემომაქვს პროდუქცია, იმას მე მინდა 1 ლარად გავყიდი, და მინდა 2 ლარად. პირდაპირ გეუბნებით, რომ არათანაბარ კონკურენციაში ვართ იმპორტულ პროდუქციასთან", - განაცხადა მურად ღოღაძემ.
მისი თქმით, კომპანია "ქალაქურს" თხილეულსა და ჩირეულზე ფასები ორი წლის განმავლობაში არ შეუცვლია და პროდუქტი მხოლოდ 1 დეკემბრიდან გაძვირდა.




























