მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

გამოცხადდა ძებნა პირზე, რომელმაც დაზარალებულს მოტყუებით გამოართვა $550 000 და დაარწმუნა, რომ მას მოგებიან ბიზნესში ჩადებდა

პროკურატურა

გამოცხადდა ძებნა პირზე, რომელმაც დაზარალებული დაარწმუნა, რომ მის $550 000-ს მოგებიან ბიზნესში ჩადებდა. ამის შესახებ თბილისის პროკურატურა იტყობინება.

უწყების ცნობით, თაღლითობის სისხლის სამართლის საქმეებზე საპროცესო ხელმძღვანელობის სამმართველომ, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე აღნიშნულ პირს ბრალდება წარუდგინა.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა დაარწმუნა დაზარალებული, თითქოსდა მის კუთვნილ თანხებს მოგებიან ბიზნესში განათავსებდა - შეიძენდა ძვირად ღირებულ ავტომანქანებს და მათ რეალიზაციას უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე მოახდენდა.

აღნიშნული მოტივით ბრალდებულმა დაზარალებულს მოტყუებით გამოართვა ჯამში 550 000 აშშ დოლარი და მეტი დამაჯერებლობისთვის ყალბი ნასყიდობის ხელშეკრულება წარუდგინა, თითქოსდა უკვე შეძენილი იყო 40 ავტომანქანა. სინამდვილეში ბრალდებულს ავტომანქანები არ შეუძენია, ხოლო დაზარალებულის კუთვნილი თანხები თაღლითურად მიისაკუთრა.

ვინაიდან ბრალდებული თავს არიდებს სამართალდამცავ ორგანოში გამოცხადებას, მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (თაღლითობა, ჩადენილი დიდი ოდენობით) და 362-ე მუხლის პირველი ნაწილით (ყალბი ოფიციალური დოკუმენტის გამოყენება) დაუსწრებლად წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლომ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა და მის მიმართ გამოცხადდა ძებნა", - იტყობინება პროკურატურა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები