ინფრასტრუქტურის სამინისტრომ გამოაცხადა საერთაშორისო ტენდერი თბილისის შემოვლითი მაგისტრალის მეორე და მესამე ლოტის სამშენებლო ზედამხედველობასთან დაკავშირებით.
მეორე ლოტი მოიცავს 6.5-კილომეტრიან მონაკვეთს წიწამურიდან ავჭალამდე, რომლის ფარგლებშიც ორი პარალელური 3.5-კილომეტრიანი გვირაბის გაყვანა იგეგმება. მესამე ლოტი კი წარმოადგენს გზას ავჭალიდან აეროპორტამდე და მისი სიგრძე 22.5 კილომეტრს შეადგენს. მთლიანობაში ამ ორი საგზაო მონაკვეთის სიგრძე 29 კილომეტრი იქნება.
განცხადის თანახმად, სამშენებლო ზედამხედველობის სერვისის ღირებულება წიწამური ავჭალის მონაკვეთზე 11.5 მილიონი დოლარი იქნება, ხოლო ავჭალა-აეროპორტის მონაკვეთზე კი 15.6 მილიონი დოლარი. ორივე ტენდერი აზიის განვითარების ბანკის (ADB) წესებით ჩატარდება. კომპანიებს საკუთარი წინადადებების დაფიქისირება 12 დეკემბრამდე შეეძლებათ. ინფრასტრუქტურის სამინისტროს თანახმად, გზის მშენებლობას 40 თვე დასჭირდება.
2026 წლიდან საქართველოს მთავრობა გზის მშენებლობისთვის მიწების გამოსყიდვის დაწყებასაც გეგმავს. მაგისტრალის ყველა ლოტის მშენებლობა გზშ დოკუმენტაციის თანახმად, დაახლოებით 520 მილიონ დოლარად არის შეფასებული, თუმცა საბოლოო ღირებულება ტენდერის შედეგად შეიძლება შეიცვალოს. ჯერჯერობით უცნობია როდის გამოცხადდება უშუალოდ სამშენებლო ტენდერი.
წიწამური-ავჭალის გზის მონაკვეთის გვირაბის შესასვლელის საპროექტო სქემა:

თბილისის შემოვლით მაგისტრალში ყველაზე გრძელი და ძვირად ღირებული მესამე ლოტია, რაც ავაჭალა-აეროპორტის 22.5-კილომეტრიანი გზის გაყვანას ითვალისწინებს. აღნიშნული ლოტის მშენებლობა გზშ დოკუმენტაციის თანახმად 300 მილიონ დოლარად არის შეფასებული. ეს გზა მეტწილად ყოფილი შემოვლითი რკინიგზის ტერიტორიაზე გაივლის და მის 4 გვირაბს (საერთო სიგრძე 3.6 კმ) და არსებულ ხიდს (სიგრძე 921 მეტრი) გამოიყენებს. ამასთან, პროექტისთვის საჭირო იქნება 4 ახალი გვირაბის მშენებლობა 3.8 კილომეტრის სიგრძით და ავჭალის ხიდის პარალელურად, ახალი 928 მეტრის სიგრძის აგება.
რაც შეეხება სხვა მონაკვეთებს, ღირებულებით მეორე ადგილზეა წიწამური-ავჭალის 6.5-კილომეტრიანი მონაკვეთი, რომელიც ორი პარალელური 3.4-კილომეტრიანი გვირაბის გაყვანას ითვალისწინებს. გზის ამ მონაკვეთის მშენებლობის სავარაუდო ღირებულება 150 მილიონ დოლარად არის შეფასებული.
შემოვლითი მაგისტრალის აეროპორტი-ლოჭინის უბნის სიგრძე 10.4 კილომეტრი იქნება და მისი მშენებლობა 100 მილიონ დოლარად არის შეფასებული, ხოლო ლოჭინი-რუსთავის გზის მონაკვეთის საპროექტო სიგრძე 11 კილომეტრია და მისი მშენებლობა 70 მილიონი დოლარი უნდა დაჯდეს.
მთლიანობაში 51-კილომეტრიანი მაგისტრალი მოიცავს 48 ხიდის მშენებლობას, რომელთა საერთო სიგრძე 11.6 კილომეტრი იქნება, ასევე 6 ახალი გვირაბის მშენებლობას, რომელთა საერთო სიგრძეც 10.7 კილომეტრს შეადგენს.
გზის ავჭალა-აეროპორტის 22.5-კილომეტრიანი მონაკვეთი:

გზის აეროპორტი-ლოჭინის 10.4-კილომეტრიანი მონაკვეთი:

გზის ლოჭინი-რუსთავის 11-კილომეტრიანი მონაკვეთი





























