მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა ვიცით China Railway Tunnel Group-ზე, რომელიც წიწამური-ავჭალის ₾499-მილიონიან გვირაბს გაიყვანს

გვირაბი

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გამოცხადებულ საერთაშორისო ტენდერში თბილისის შემოვლითი მაგისტრალის მეორე ლოტის — წიწამური-ავჭალის 7.3-კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობაზე ჩინურმა China Railway Tunnel Group Co., Ltd.-მა (CRTG) გაიმარჯვა. პროექტის ღირებულება საბოლოოდ 499.1 მილიონი ლარით განისაზღვრა, სამუშაოების დასრულების ვადა კი 36 თვეა.

საერთაშორისო ტენდერი 2025 წლის 30 დეკემბერს გამოცხადდა, წინადადებების მიღება 2026 წლის 25 მარტს დასრულდა. ტენდერში მონაწილეობა 10-მა კომპანიამ მიიღო. თავდაპირველად შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 490 მილიონი ლარი იყო, თუმცა ყველა მონაწილემ აღნიშნულ თანხაზე მაღალი ფასი დააფიქსირა.

ყველაზე დაბალი შეთავაზება China Railway Tunnel Group-ს ჰქონდა — 519.69 მილიონი ლარი. კომპანიასთან შემდგომი მოლაპარაკებების შედეგად ხელშეკრულების ღირებულება 499.15 მილიონ ლარამდე შემცირდა. შესაბამისად, საბოლოო ფასი კომპანიის თავდაპირველ შეთავაზებაზე დაახლოებით 20.5 მილიონი ლარით ნაკლებია.

კომპანია საქართველოში უკვე რამდენიმე პროექტზე მუშაობს:

China Railway Tunnel Group-ისთვის წიწამური-ავჭალის გვირაბი საქართველოში პირველი მსხვილი პროექტი არ იქნება. კომპანია ამჟამად ქვეშეთი-კობის გზის პროექტის 9-კილომეტრიანი გვირაბის შიდა მოპირკეთების სამუშაოებს ახორციელებს.

ქვეშეთი-კობის გვირაბის მშენებლობაზე კომპანიასთან 2019 წელს 902 მილიონი ლარის ღირებულების კონტრაქტი გაფორმდა. პროექტის ფარგლებში აშენებული 9-კილომეტრიანი გვირაბი საქართველოში ყველაზე გრძელი საგზაო გვირაბია.

კომპანია ასევე სტეფანწმინდა-გველეთის 4.5-კილომეტრიანი საგზაო მონაკვეთის მშენებლობას ახორციელებს. აღნიშნულ პროექტზე China Railway Tunnel Group-სთან 2024 წელს 215 მილიონი ლარის ღირებულების კონტრაქტი გაფორმდა.

სტეფანწმინდა-გველეთის მონაკვეთი მოიცავს 460 და 846 მეტრის სიგრძის ორ გვირაბს, ასევე 2018 და 636 მეტრის სიგრძის ორ ხიდს. პროექტის ფარგლებში დაგეგმილი ერთ-ერთი ხიდი, 2018 მეტრის სიგრძით, დასრულების შემთხვევაში საქართველოში ყველაზე გრძელი ხიდი იქნება.

რა საერთაშორისო გამოცდილება აქვს აღნიშნულ კომპანიას?

China Railway Tunnel Group Co., Ltd. (CRTG) ჩინეთის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საინჟინრო კომპანიაა, რომელიც ძირითადად გვირაბების, მიწისქვეშა ნაგებობებისა და სხვა რთული ინფრასტრუქტურული პროექტების მშენებლობაზე სპეციალიზდება.

კომპანია 1978 წელს დაარსდა და შედის China Railway Group Limited-ის (CREC) ჯგუფში. CRTG-ის საქმიანობა მოიცავს პროექტირებას, საინჟინრო კვლევებს, კვლევასა და განვითარებას, გვირაბების მშენებლობასა და სპეციალიზებული ტექნიკის გამოყენებას. კომპანია ასევე ახორციელებს გვირაბგამყვანი მანქანების TBM-ების წარმოებას.

CRTG-ს გამოცდილება აქვს როგორც ჩინეთში, ისე საერთაშორისო ბაზრებზე. კომპანიის მიერ განხორციელებულ პროექტებს შორისაა სარკინიგზო და საავტომობილო გვირაბები, მეტროს ინფრასტრუქტურა და მიწისქვეშა ნაგებობები.

კომპანიის ერთ-ერთი ცნობილი საერთაშორისო პროექტია უზბეკეთში Qamchiq-ის 19.2-კილომეტრიანი სარკინიგზო გვირაბი, რომელიც Angren-Pap-ის სარკინიგზო ხაზის ნაწილია. CRTG ასევე მონაწილეობდა სინგაპურის და ჩილეს მეტროს ინფრასტრუქტურის პროექტებში.

რას მოიცავს წიწამური-ავჭალის ოთხზოლიანი გზის პროექტი

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები