მთავრობა რეგიონულ და ინფრასტრუქტურის სამინისტროებს კვლავ აერთიანებს. ერთიანი უწყების ხელმძღვანელი რევაზ სოხაძე იქნება. ამის შესახებ შალვა პაპუაშვილმა პარლამენტში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, მმართველმა ძალამ გადაიფიქრა რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შექმნა, ამიტომ მთავრობა პარლამენტში წარდგენილ კანონპროექტს გაიწვევს და მას შეცვლილი სახით წარადგენს.
„გაუქმდება სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის ფუნქციის მქონე სახელმწიფო მინისტრის პოსტი, არ შეიქმნება რეგიონული მიმართულებით კოორდინაციის პოსტი. მსჯელობა მიდის და სავარაუდოდ, მოხდება რეგიონული განვითარების სამინისტროსა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანება”, - განაცხადა პაპუაშვილმა.
კითხვაზე - ვინ დაიკავებს გაერთიანებული უწყების ხელმძღვანელის პოსტს, პაპუაშვილმა უპასუხა: „ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძეა და ის კარგად ართმევს თავს“.
რეგიონული განვითარების სამინისტროს გაუქმების შესახებ 29 ივლისს გახდა ცნობილი. როგორც მაშინ ბრიფინგზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, იქმნება რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი, შესაბამისად, რეგიონული განვითარების სამინისტრო კარგავს დანიშნულებას.
ცნობისთვის, 2025 წლის 4 აპრილიდან 2026 წლის 29 ივლისამდე ამ სამინისტროს კახაბერ გულედანი ხელმძღვანელობდა, თუმცა თავად სამინისტროს შექმნის ინიციატივის წარდგენისას 2025 წლის 2 აპრილს ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ მინისტრის პოსტს დაიკავებდა გრიგოლ ლილუაშვილი, რომელიც სუს-დან ცენტრალურ მთავრობაში გადავიდოდა, თუმცა 2 აპრილიდან 4 აპრილამდე პერიოდში მთავრობამ პოზიცია შეცვალა და ამ თანამდებობაზე კახა გულედანი დანიშნა, რომელიც 2016-2017 წლებში ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების მინისტრის მოადგილის თანამდებობას იკავებდა. კახაბერ გულედანი სამინისტროს გაუქმების შესახებ გაკეთებული განცხადების შემდეგ ისევ ინფრასტრუქტურის სამინისტროში მინისტრის პირველი მოადგილის პოსტზე დაბრუნდა, მისი ადგილი კი დროებით მამუკა მდინარაძემ დაიკავა.
მნიშვნელოვანია გარემოება, რომ 2025 წელს, მაშინ როდესაც რეგიონული განვითარების სამინისტრო ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაყოფის საფუძველზე ფუძნდებოდა, ახალ სამინისტროს არ გაჰყვა "მუნიციპალური განვითარების ფონდი", რომელიც რეგიონებში ინფრასტრუქტურული პროექტების ძირითადი განმახორციელებელი ორგანიზაციაა. ეს მოიცავს ურბანული განახლების პროექტებს; პარკებს და სკვერებს რეგიონებში; საბავშვო ბაღებს და სკოლებს რეგიონებში; კულტურული მემკვიდრეობის პროექტებს რეგიონებში და სპორტული ინფრასტრუქტურის მშენებლობას რეგიონებში.
ამ კომპონენტის გარეშე კი რეგიონული განვითარების სამინისტრო შეიქმნა უფრო მეტად მაკოორდინირებელი უწყების და კონკრეტული ფუნქციების გარეშე მყოფი სამინისტროს სახით, რადგან სამინისტრო თავად არ იყო ჩართული რეგიონების მხარდამჭერი ინფრასტრუქტურის განვითარებაში. ამის დანახვა შესაძლებელია თუკი 2026 წლისთვის სამინისტროს ბიუჯეტს წავიკითხავთ და მას ინფრასტრუქტურის სამინისტროს ბიუჯეტს შევადარებთ.




























