8 აპრილს გაეროს ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის კომისიის 70-ე შეხვედრა გაიმართა, რომელზეც ორგანიზაციის წევრმა სახელმწიფოებმა, ტურიზმის სექტორში არსებული მთავარი გამოწვევებისა და იმ შესაძლებლობებზე ისაუბრეს, რომლებიც სექტორის პოსტპანდემიურ აღდგენას შეუწყობს ხელს - შეხვედრის შესახებ UNWTO-ს ვებგვერდზე ვკითხულობთ.
გაეროს ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის სხდომაზე 40 ქვეყნის წარმომადგენელი ალბანეთის დედაქალაქში შეიკრიბა. შეხვედრის დაწყებამდე მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა, ზურაბ პოლოლიკაშვილმა, ალბანეთი ტურიზმის აღდგენის მაჩვენებლებით, ევროპის წამყვან ქვეყნად დაასახელა. მისი თქმით, ქვეყანა 2023 წლის ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური ტურისტული მიმართულება აღმოჩნდა, საერთაშორისო ვიზიტების რაოდენობა კი, 2019 წელთან შედარებით, 53%-ით გაიზარდა.
შეხვედრაზე ორგანიზაციის წევრი 40 ქვეყნის მაღალი დონის დელეგატებმა იმ აქტივობების შესახებ ისაუბრეს, რომლებიც თითოეულ ქვეყანაში UNWTO-ის ბოლო შეხვედრის შემდეგ განხორციელდა. გარდა ამისა, ორგანიზაციის წევრებმა სხდომაზე რამდენიმე სტრატეგიული ამოცანა და პრიორიტეტით განსაზღვრეს, რომელთა შორისაა:
- პოლიტიკური პროგნოზები ევროპის მასშტაბით
- მსოფლიოს ტურიზმის ორგანიზაციის რებრენდინგი
- ბოლო მონაცემები ტურისტული ვიზიტების შესახებ
- ღონისძიებები და ინიციატივები
დამსწრეებმა შეხვედრაზე სამუშაო ჯგუფის რეგლამენტი, შერჩევის კრიტერიუმები და შესრულების ძირითადი ინდიკატორები შეიმუშავეს იმ პროექტების შეფასებისთვის, რომლებიც ევროპული დღის წესრიგითაა გაწერილი.
ევროპული დღის წესრიგი კომისიამ 2021 წელს, ორგანიზაციის 66-ე შეხვედრაზე შეიმუშავა. დოკუმენტი ევროპის რეგიონის ქვეყნების პრიორიტეტულ მიმართულებებს ასახელებს და მისი მიზანია, დააკმაყოფილოს ევროპული ქვეყნების სპეციფიკური საჭიროებები რეგიონულ დონეზე.
UN Tourism-ის 70-ე შეხვედრას საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციაც ესწრებოდა. შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდა თამარ ყორიაული, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პირველი მოადგილე, და აღნიშნა, რომ 2024 წლის ტურიზმის მსოფლიო დღეს, სექტემბერში, საქართველო უმასპინძლებს.