მოლდოვას პრეზიდენტი, მაია სანდუ საქართველოს პრეზიდენტს ტელეფონით ესაუბრა. ინფორმაციას მაია სანდუ სოციალურ პლატფორმა X-ზე ავრცელებს.
„ცოტა ხნის წინ ვესაუბრე საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს. გამოვხატე მოლდოვას სოლიდარობა ქართველ ხალხის მიმართ და ჩემი პირადი აღფრთოვანება დემოკრატიისა და ევროპული გზის დასაცავად მათი გამბედაობის გამო“, - წერს მოლდოვას პრეზიდენტი.
მისი თქმით, მოლდოველებს და ქართველებს აქვთ ერთი და იგივე მისწრაფება ევროკავშირში მშვიდობიანი, აყვავებული მომავლისკენ.
საქართველოში, საპროტესტო გამოსვლები 28 ნოემბრიდან დაიწყო, მას შემდეგ, რაც „ოცნების" ხელისუფლებამ გადაწყვიტა 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენოს ევროკავშირთან მის წევრობაზე მოლაპარაკების გახსნის საკითხი და 2028 წლის ბოლომდე უარი თქვას ევროკავშირის საბიუჯეტო გრანტებზე. ამასთან, „ქართული ოცნების" მთავრობა ირწმუნება, რომ მიზნად რჩება 2030 წლისთვის ევროკავშირში საქართველოს შესვლა.